ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა, ჭაჭუნას აღკვეთილში, წინასწარ შერჩეულ ლოკაციაზე, პოპულაციის აღდგენის მიზნით, ადგილობრივი სახეობა, 200 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს.
ფრინველების ველურ ბუნებაში გაშვების პროცესში ველური ბუნების სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიებზე სახეობების აღდგენა და კონსერვაცია ველური ბუნების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ორივე სააგენტო არაერთ პროექტს ახორციელებს.
კოლხური ხოხობი ადგილობრივი ველური ბუნების სახეობაა. იგი საქართველოს უძველესი ბინადარია. მისი ჰაბიტატი წარმოდგენს ხშირი მცენარეულობით დაფარული დაბლობები, მდინარის ფართო ველი ჭალის ტყით, მშრალი მდელოები ბუჩქოვანი საფარითა და ღია, მშრალი ტყეები მთისწინეთში. გავრცელებულია ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2016 წლიდან ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაცია იზრდება.








