თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის, ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის 11 კორპუსში 2 426 დევნილი ოჯახი სრულად გარემონტებულ ბინებს მიიღებს.
სამშენებლო სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეს იმ დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოქვეყნდება, ვინც თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი შეავსო.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა მიეცემათ. მათთვის მინიჭებული ქულების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები დაიწყება.
„თვალჭრელიძის ქუჩაზე მშენებარე კომპლექსში, უკვე დასასრულს უახლოვდება ოთხი კორპუსის სარემონტო სამუშაოები. პირველ ეტაპზე, აღნიშნულ ოთხ კორპუსში, საცხოვრებელი ფართები იმ ოჯახებს გადაეცემა, ვინც მძიმე პირობებში, დევნილთა ე.წ. კომპაქტური განსახლების ობიექტებში ფაქტობრივად ცხოვრობენ, რაც მონიტორინგის შედეგად დასტურდება. აღნიშნული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია კანონით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით განიხილავს. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისში ნგრევად შენობებსა და მძიმე პირობებში, არცერთი დევნილი ოჯახი აღარ იცხოვრებს და ასეთი ტიპის ყველა ობიექტი დაიხურება“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.








