პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის კვალდაკვალ ორშაბათს გავაკეთე განცხადება, რომ მე და გიორგი გახარიას პირისპირ დაგვეწყო მოლაპარაკებები იმის მისაღწევად, რომ საქართველომ შეძლოს, დაამარცხოს “ქართული ოცნება” და მიაღწიოს ევროპულ მომავალს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მე გვერდზე გადავდე წარსული რთული ურთიერთობა გიორგი გახარიასთან. ამ მოლაპარაკებებს მოვეკიდე სრული სერიოზულობით იმიტომ, რომ მქონდა და მაქვს ერთადერთი მიზანი - საქართველოს უკეთესი, ევროპული მომავალი! - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"გუშინ, პრეზიდენტთან შევთანხმდით კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ და გახარიას პარტიას თანასწორ პირობებში აყენებდა. გეგმის მიხედვით, ჩვენ გავერთიანდებოდით ნომერი 9-ის ქვეშ და დავდებდით პირობას, რომ არასდროს შევუწყობდით ხელს „ქართული ოცნების” მთავრობის შექმნას, დავასრულებდით ანაკლიის პორტის პროექტს დასავლური ინვესტიციებით, რაც შექმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს. ამ ახალი გაერთიანების მართვა ასევე მოხდებოდა სრული პარიტეტით. მე ეს შეთანხმება განვიხილე კოალიციის პარტნიორებთან, მათ კი სრულად დამიჭირეს მხარი. ჩემი მზაობა ხელმოწერასთან დაკავშირებით გუშინვე დავაფიქსირე მედიასთან.
დღეს, მზად ვიყავი, პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელი მომეწერა ამ შეთანხმებაზე. 15:00 საათზე გახარიამ დამირეკა და მითხრა, რომ ის ჩვენს შეთანხმებაზე უარს ამბობდა. მან მაშინვე გაავრცელა განცხადება სოციალურ ქსელში ამის თაობაზე. საღამოს კი პრეზიდენტის წინ უარი განაცხადა გუშინ შეთანხმებულ პირობებზე. მისი მთავარი არგუმენტი, ბატონი ცუცქირიძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუ იყო, რაც ამ მოლაპარეკებებში არასერიოზულად გამოიყურება.
ვწუხვარ რომ ჩვენი განხილვები დასრულდა. მე ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას. გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე.
მე და ჩემი პარტნიორები, „ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლები, გავაგრძელებთ ჩვენი ახალგაზრდა, სუფთა წარსულის ლიდერების გუნდით მუშაობას. ჩვენი მიზანი უცვლელია: ევროკავშირის წევრობა,
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თანამოაზრე ლიდერებსა და პარტიებთან ერთად დავასრულებთ „ქართული ოცნების” 12-წლიან უძრავ, მოღალატეობრივ მმართველობას." - წერს მამუკა ხაზარაძე.
შეგახსენებთ, დღეს "გახარია საქართველოსთვის" გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: მადლობას ვუხდით "ლელოს" დისკუსიაში მონაწილეობისთვის - ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
17 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილის პრესსასამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, " ხვალ, ორბელიანების სასახლეში 15:00 საათზე, პრეზიდენტი ელოდება ,,ძლიერი საქართველოს" და ,,გახარია საქართველოსათვის" წარმომადგენლებს"
განცხადებამდე პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა:
"ახლა საჭიროა კიდევ ერთი რამ, ოპოზიციური ამომრჩევლისათვის არჩევანი კიდევ გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი გააჩინოს.
მე ამისი მჯერა და ამიტომ მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი, ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ და მეორე მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ხელშია.
ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ, გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რასაც "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა: "მე გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს"
დღეს კი ხაზარაძემ ახალი განცხადება გაავრცელა სოციალურ ქსელში. სადაც აცხადებს გახარიასთან შეხვედრა ერთი-ერთზე სამწუხაროდ დღეს ვერ ხერხდება, პრეზიდენტს მას შემდეგ შევხვდებით, თუ გვექნება ერთობლივი მუშაობის შესახებ ხედვა
გუშინ, მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ორბელიანის სასახლეში მისვლამდე ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, ავიღეთ პაუზა
ყოფილმა პრემიერმინისტრმა კი განაცხადა: ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე
ასევე, გიორგი გახარიას თქმით, ბევრი ადამიანი იქნება მამუკა ხაზარაძის გუნდში, რომელიც გახარიას დაუძახებს თვალთხარიას და ბევრი ადამიანია ჩვენს გუნდში, რომელიც ხაზარაძეს დაუძახებს მევახშეს - და მერე რა?!