ორი დღეა მოლაპარაკება მიმდინარეობს. არ არის მარტივი მოლაპარაკება. შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ. აქვე მინდა ვთქვა, რომ თანამდებობაზე, სიებზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერთან გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მთელი ეს პროცესი ერთი რამისთვის არის მიმართული, რომ საქართველო დაადგეს ევროპის გზას, რომ მოხდეს პროდასავლური ძალების სრული კონსოლიდაცია იმისათვის, რომ ქვეყანა მოკლე დროში გავიყვანოთ მშვიდობიან, სტაბილურ სამყაროსთან. მთელი ეს პროცესი ამისთვის დაიწყო.
ორი დღეა მოლაპარაკება მიმდინარეობს. არ არის მარტივი მოლაპარაკება. შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ. აქვე მინდა ვთქვა, რომ თანამდებობაზე, სიებზე საუბარი არ არის. აქ არის ლაპარაკი თუ როგორ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ . რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ძველი ხელისუფლება არ დაბრუნდეს და როგორ შევქმნათ ახალი რეალობა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მალე დაიწყოს ის რეფორმები, რომელიც ქარტიით არის განსაზღვრული, შეიქმნას სამუშაო ადგილები , პენსიები, სტუდენტების დასაქმება და რაც მთავარია, ემიგრაციის შეჩერება. ქვეყანა გავხადოთ ლიდერი და დავაბრუნოთ სწრაფი განვითარების გზაზე.
მადლობა პრეზიდენტს და გიორგის რთული და კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის . ხვალ გაგრძელდება ისევ სამუშაო მდგომარეობაში. ისევ პრეზიდენტთან. დრო არის ძალიან ცოტა . 1 კვირაში უკვე მთავრდება მოსამზადებელი პერიოდი. იმედია, ხვალ დავამთავრებთ ყველაფერს", - განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისათვის, ორბელიანების სასახლეში გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის კონსულტაციები მეორე დღეა მიმდინარეობს.
კოალიცია "ძლიერ საქართველო" და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია. ორბელიანების სასახლეში მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. მანამდე მხარეებს პირისპირ კონსულტაციებიც ჰქონდათ.