„გახარია საქართველოსთვის“ განცხადება.

მადლობას ვუხდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ მისი ინიციატივითა და მოწვევით ვიყავით ჩართული ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიაში. 
ასევე, მადლობას ვუხდით “ლელოს” დისკუსიაში მონაწილეობისთვის. 
ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე რაიმე სახის პარტიული ან/და პერსონალური ინტერესი.
ასე იყო წარსულში - ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეა დღეს - ოპოზიციაში, ასე იქნება მომავალში. 
აქედან გამომდინარე, ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია.
საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. 
ჩვენსა და “ლელოს” შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.
ჩვენი პოლიტიკური მიზანია „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების გარეშე, ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და პოლარიზაციის დასრულება. " - ნათქვამია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებაში. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. 

17 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილის პრესსასამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, " ხვალ, ორბელიანების სასახლეში 15:00 საათზე, პრეზიდენტი ელოდება ,,ძლიერი საქართველოს" და ,,გახარია საქართველოსათვის" წარმომადგენლებს"

განცხადებამდე პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა: 

"ახლა საჭიროა კიდევ ერთი რამ, ოპოზიციური ამომრჩევლისათვის არჩევანი კიდევ გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი გააჩინოს. 

მე ამისი მჯერა და ამიტომ მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი, ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ და მეორე მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ხელშია.

ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე  შეძლებენ, გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

რასაც "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა: "მე გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს"

დღეს კი ხაზარაძემ ახალი განცხადება გაავრცელა სოციალურ ქსელში. სადაც აცხადებს  გახარიასთან შეხვედრა ერთი-ერთზე სამწუხაროდ დღეს ვერ ხერხდება, პრეზიდენტს მას შემდეგ შევხვდებით, თუ გვექნება ერთობლივი მუშაობის შესახებ ხედვა

გუშინ, მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ორბელიანის სასახლეში მისვლამდე ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.  

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, ავიღეთ პაუზა

ყოფილმა პრემიერმინისტრმა კი განაცხადა:  ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე

ასევე, გიორგი გახარიას თქმით, ბევრი ადამიანი იქნება მამუკა ხაზარაძის გუნდში, რომელიც გახარიას დაუძახებს თვალთხარიას და ბევრი ადამიანია ჩვენს გუნდში, რომელიც ხაზარაძეს დაუძახებს მევახშეს - და მერე რა?!