შევთანხმით ერთ რამეზე, რათა გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" გავუშვათ ხელისუფლებიდან - მოლაპარაკება არ არის დასრულებული, ავიღეთ პაუზა, ვისაუბრებთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე მადლობა გიორგის. ჩვენ შევხვდით პირისპირ, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. ვისაუბრეთ წარსულზე, მაგრამ, რაც მთავარია, ვისაუბრეთ მომავალზე. ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენ ქვეყანას ემუქრება ძალიან სერიოზული პრობლემა და საშიშროება. ეს არის ან რუსული არჩევანი ან ჩვენი თავისუფლების არჩევანი, ევროპული არჩევანი. ამ თემაზე ვისაუბრეთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს სრული მობილიზაციისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გავუშვათ ხელისუფლებიდან და ძალიან სწრაფად ქვეყანა დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას აღნიშნა, რომ არ უარყოფს წარსულში გიორგი გახარიასთან დაპირისპირებას, მაგალითად, ანაკლიის პროექტზე.
„დაპირისპირება იყო, ამას არ უარვყოფ. გახსოვთ, დაპირისპირება იყო ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც არის ანაკლია. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ანაკლია აუცილებლად უნდა აშენდეს და აშენდეს ევროპული და ამერიკული ინვესტიციებით.რა თქმა უნდა, ჩინელებიც შეიძლება იყვნენ ამ პროექტში, მაგრამ ეს არის მთავარი პუნქტი, რომელზეც არის თანხმობა“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ამასთან, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა: „სხვა საკითხებს თუ გულისხმობთ, რომელიც ეხება იგივე წერილს, იგივე ანაკლიის საკითხს, სხვა ამბავს, ჩემი პოზიციაა, რომ ყველა ეს საკითხი უნდა იქნას გარკვეული დამოუკიდებელი პროკურატურის და სასამართლოს პირობებში, სადაც მე და ბატონი გახარიაც, დარწმუნებული ვარ, უნდა თანამშრომლობდეს, 20 ივნისი იქნება თუ ნებისმიერი სხვა საკითხი“.
ორბელიანების სასახლეში მისვლამდე, გახარია-ხაზარაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა სასტუმრო „ოლდ თაუნში“ შედგა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.
მოგვიანებით მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ მზად იყო, ნებისმიერ მომენტში შეხვედროდა გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდებოდნენ პრეზიდენტს.