პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მეზობელ ქვეყნებს შორის სერიოზულ დიპლომატიურ კრიზისს გამოიწვევს უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე, იტყობინება ისრაელის გაზეთი „იერუსალიმ პოსტი“, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევას ეხმაურება. სხვა გლობალური მედიასაშუალებებიც მსგავსი ტონით აფასებენ სიტუაციას - წერს პოლონური ყოველდღიური გაზეთი „ძენნიკი“.
გერმანული სამაუწყებლო კომპანიის - „დოიჩე ველეს“ - ცნობით, „პოლონეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მეზობლებსა და მოკავშირეებს შორის კონფლიქტს ამწვავებს“.
„ნავროცკიმ ეს გადაწყვეტილება პოლონეთის მიერ გდანსკში უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო. ამჟამად გაურკვეველია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ზელენსკი“, - აღნიშნავს მაუწყებელი.
ფრანგულმა გაზეთმა „ლე მონდმა“ დაწერა, რომ პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ „ისტორიულად, მეორე მსოფლიო ომის ხსოვნასთან დაკავშირებული დავები კიევსა და ვარშავას შორის ურთიერთობებს ძაბავს“.
ამასთან დაკავშირებით „ბიბისიმ“ გაიხსენა, რომ „უკრაინაში ბევრი UPA-ს („უკრაინის მეამბოხე არმია“ ) - მებრძოლებს მიიჩნევს გმირებად, რომლებიც უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ წითელი არმიის, ნაცისტური გერმანიისა და პოლონეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, (...) თუმცა, პოლონეთი UPA-ს ადანაშაულებს ვოლინში (ახლანდელი ვოლინი უკრაინაში) პოლონელების წინააღმდეგ გენოციდში 1943 წლიდან 1945 წლამდე“.
პარასკევს საღამოს, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან ერთ-ერთი სამხედრო ნაწილისთვის „UPA-ს გმირის“ წოდების მინიჭების თანხმობის მიღების შემდეგ, მან გადაწყვიტა მისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევა. X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში პრეზიდენტმა ნავროცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრძანებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება „უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არ არის მიმართული“ და „არ ნიშნავს პოლონეთის უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულების შეცვლას“. და დასძინა, რომ „არაფერი შეცვლილა“ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ნავროცკის გადაწყვეტილებას უპასუხა და განაცხადა, რომ ზელენსკის ორდენის ჩამორთმევა „არის ნავროცკის სტრატეგიული შეცდომა, რომლითაც მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს“. მინისტრმა განაცხადა, რომ საპასუხოდ, ვარშავაში დააბრუნებდა ორდენს პოლონეთის წინაშე დამსახურებისთვის - კომანდორის ჯვარს, რომელიც მას 2022 წლის ოქტომბერში გადაეცა. შაბათს, უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსმა კირილ ბუდანოვმა და უკრაინის ელჩმა პოლონეთში ვასილ ბოდნარმა უარი თქვეს თავიანთ პოლონურ ორდენებზე.
2023 წლის აპრილში, მაშინდელმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ზელენსკის თეთრი არწივის ორდენი გადასცა „პოლონეთსა და უკრაინას შორის მეგობრული და ყოვლისმომცველი ურთიერთობების გაღრმავების, ევროპაში დემოკრატიის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისადმი ურყევი ერთგულების აღიარების ნიშნად“. პოლონეთი და უკრაინა დიდი ხანია არ ეთანხმებიან ერთმანეთს უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის და უკრაინის მეამბოხეთა არმიის საქმიანობასთან დაკავშირებით.. პოლონეთისთვის 1943 წლის ვოლინში მომხდარი მოვლენები გენოციდის დანაშაულს წარმოადგენს, ხოლო უკრაინელებისთვის ეს სიმეტრიული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგი იყო, რომელზედაც ორივე მხარე თანაბრად იყო პასუხისმგებელი. უფრო მეტიც, უკრაინელები ზოგადად უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციას და უკრაინის მეამბოხეთა არმიას ანტისაბჭოთა ორგანიზაციებად აღიქვამენ (ომის შემდგომი სსრკ-სადმი მათი წინააღმდეგობის გამო) და არა ანტიპოლონურად.
ცნობისთვის, პოლონეთის წინაშე დამსახურებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკიზე ბევრად ადრე დაჯილდოვდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შემდეგ უკრაინის მოქალაქე გახდა და უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა საქართველოში შემოპარვამდე. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინის პატრიოტი. („როგორც უკრაინის მოქალაქემ და უკრაინის პატრიოტმა, მინდა, ჩემი პოზიცია გამოვთქვა, უფრო სწორად ამ საკითხზე ვისაუბრო ჯერ უკრაინულად და შემდეგ ქართულად“, „მე ვარ უკრაინის მოქალაქე და მაქვს ამის უფლება. მე მაქვს უფლება, უკრაინულად ვისაუბრო, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვარ“ - განაცხადა მან ამა წლის თებერვლის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე). ნავროცკის გადაწყვეტილებას ზელენსკისთვის ორდენის ჩამორთმევის შესახებ იგი არ გამოხმაურებია და პოზიცია არ დაუფიქსირებია.




