„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის მიუხედავად, 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩვენ გავიმარჯვეთ. ამიტომ, კარგი გამოცდილება გვაქვს ევროპელებთან, აუცილებლად მივყვებით იმ 9 რეკომენდაციასაც“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესში არ ჩაერთვება, ეს მხოლოდ კარგი იქნება, რადგან მათი რომელიმე პროცესში ჩართვა რადიკალიზმსა და საბოტაჟს გულისხმობს.
„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის მიუხედავად, 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩვენ გავიმარჯვეთ. ევროპელებმა დაინახეს, რომ არა მხოლოდ ზარმაცობდა ოპოზიცია, არამედ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს ეწეოდა. ეს ხალხი, რომელთაც არ სურდათ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო, თავად ოპოზიციონერების ნაწილმაც ამხილა. ამიტომ, კარგი გამოცდილება გვაქვს ევროპელებთან, აუცილებლად მივყვებით იმ 9 რეკომენდაციასაც და ყველა სხვა რეკომენდაციას, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა იქნება.
რაც შეეხება ოპოზიციას, ამ პროცესში თუ არ ჩაერთვებიან, ეს კარგი იქნება, რადგან მათი პროცესში ჩართვის ცუდი გამოცდილება გვაქვს. საბოტაჟის და რადიკალიზმის გარდა, სადაც შევიდნენ, არაფერი გაუკეთებიათ. თუ არ ჩაერთვებიან, ხელს მაინც არ შეგვიშლიან ამ ძალიან კარგ გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.