„პოლიტიკური ორგანიზაცია უკვე ვართ. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, ამასთან დაკავშირებით „ხალხის ძალაში“ კონსულტაციები მიმდინარეობს. ამ საკითხს განვიხილავთ“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოძრაობა ამა თუ იმ ფორმით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„მთავარია ის, რომ ახალი პოლიტიკა ჩამოვაყალიბეთ, რომლის ფორმირება აუცილებელი იყო და ამ პოლიტიკით, რასაც პროცესებში ხალხის აქტიური ჩართულობა ჰქვია, ამა თუ იმ ფორმით, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ.
„ხალხის ძალა“ რა მოცემულობითაც ვარსებობთ, ამ ფორმატმა უკვე შეძლო ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ დაინახა - ხალხი პოლიტიკაში ჩართულია და საგარეო პოლიტიკა მათი გადაწყვეტილებით იქმნება. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც „ხალხის ძალამ“ გააკეთა - ახალი პოლიტიკის ფორმირებით ხალხი აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩავრთეთ.
აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ის ორგანიზაცია ვართ, რომელიც არა სამომავლო პოლიტიკური წარმატებისთვის, არამედ საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის შეიქმნა. „ქართული ოცნების“ რიგები იმიტომ კი არ დავტოვეთ, რომ აუცილებლად პარტია შეგვექმნა, არამედ იმიტომ, რომ რასაც „ოცნება“ ვერ ახერხებდა, რადგან ხელისუფლებაშია და მმართველი პარტიაა, ეს ჩვენ გაგვეკეთებინა. შემდეგ კი ბუნებრივად დადგა დღის წესრიგში ის საკითხი, რომ „ხალხის ძალა“, რომელიც პოლიტიკური ჯგუფია პარლამენტში, იქნება თუ არა როგორც პოლიტიკური პარტია.
რაც შეეხება იმას, გადავლახავთ თუ არა საარჩევნო ბარიერს, დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა იმ პოლიტიკას ემხრობა, რაც „ხალხის ძალამ“ შექმნა. რომ არა „ხალხის ძალის“ მიერ გატარებული პოლიტიკა, ქვეყანაში ის სამწუხარო მოვლენები იქნებოდა, რასაც სხვაგან ვხედავთ.
კონსულტაციები გვაქვს და გვექნება ხალხთან, რომელსაც აქვს ძალა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.