მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ისევ ხალხმრავლობაა სიონის საპატრიარქო ტაძარში. ტაძრებში მთელი კვირა ღიაა საკურთხევლის კარი, ეს სიმბოლოა, რომ ქრისტეს აღდგომით ადამიანებისთვის სამოთხის კარი გაიღო. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან ერთად დაიწყო ბრწყინვალე შვიდეულიც. ეს არის განსაკუთრებული კვირა, რომელიც მომდევნო კვირამდე, კვირაცხოვლობამდე გრძელდება, რომელსაც ახალი კვირა - აღდგომის განახლება ეწოდება. ამ პერიოდში მსგეფსია, ანუ მორწმუნეებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ.

„ხვალიდან უკვე იწყება ბრწყინვალე შვიდეული, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ დასრულდა მარხვა. სრულად მთელი კვირა, კვირიაკე, უკვე არის სადღესასწაულო და საზეიმო ხასიათის. რა თქმა უნდა, საფლავზე გასვლა შეიძლება დღესაც, თუმცა ჩვენ არ ვგლოვობთ და თუ საფლავზე გავდივართ, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ჩვენს მიცვალებულებს აღდგომა მივულოცოთ. მიცვალებულთა დღე ამიტომ ორშაბათს არის გადატანილი და ხვალ უკვე გადის მორწმუნე საზოგადოება საფლავზე და მიცვალებულებს ამით მიაგებს პატივს", - აღნიშნავს დეკანოზი ილია ნემსაძე.