მოვუწოდებთ განათლების კომიტეტსა და განათლების სამინისტროს გამოყონ თანხები იმისთვის, რომ სკოლებში ბავშვებმა არ იშიმშილონ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.
"იუნისეფის" კიდევ ერთი საგანგაშო კვლევა გამოქვეყნდა, რომლითაც დასტურდება, რომ ჩვენი ბავშვები სკოლებში შიმშილობენ. კვლევის მიხედვით ბავშვების 35% სკოლებში შიმშილობს. "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო ორი წელია ამ საკითხზე მუშაობს. არაერთხელ მოვუწოდეთ განათლების სამინისტროს, რომ არ შეიძლება არსებობდეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე არის უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში. არ შეიძლება მილიონობით ლარი ბიუროკრატიულ ხარჯებზე იხარჯებოდეს და ბავშვები სკოლებში შიმშილობდნენ. 2 წელია ხელისუფლება გვეუბნება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს, თუმცა არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამთ.
ბავშვების გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის და იმისთვის, რომ სწავლაზე მეტი კონცენტრაცია შეძლონ მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით პირველიდან მე-6-ე კლასის ჩათვლით ბავშვებს სრულფასოვანი კვების საშუალება ჰქონდეთ. უფასო კვების პროგრამის დანერგვა აუცილებელია თუნდაც თუ გავითვალისწინებთ მძიმე სოციალურ ფონს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტს და განათლების და მეცნიერების სამინისტროს, არ არსებობს საკითხი და პრობლემა იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ბავშვების კვებით უზრუნველყოფაა, ამიტომ კეთილი ინებონ და გამოყონ თანხები იმისთვის, რომ სკოლებში ბავშვები არ შიმშილობდნენ", - განაცხადა წითლიძემ.