აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია საბერძნეთში, თესალონიკის ტურისტულ გამოფენაზე მიმდინარეობს. ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაზე რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უწევს რეკლამირებას. გამოფენაზე აჭარა სპეციალური სტენდითაა წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორები რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან. ბერძენი ვიზიტორების ინტერესი საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით მაღალია, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის არსებული პირდაპირი ფრენები. გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის
დეპარტამენტი სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვედრებს მართავს ტურისტული და სარეკლამო კომპანიების, მედიის წარმომადგენლებთან და კონტენტ-კრეატორებთან. აჭარის სტენდი თანამშრომლებთან ერთად მოინახულა გელა ჯაფარიძემ, საქართველოს კონსულმა საბერძნეთში. გამოფენა 14 ნოემბერს გაიხსნა და ხვალ დასრულდება.
“ძალიან აქტიური გამოფენაა და მაღალია ინტერესი საქართველოში მოგზაურობის მიმართულებით. ვიზიტორების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ეკოტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, გასტრონომია და სამთო-სათხილამური კურორტები. გამოფენის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები გვქონდა პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით და ვფიქრობ, ქვეყნებს შორის არსებულ პირდაპირ ფრენებთან ერთად ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აჭარის პოპულარიზაციას საბერძნეთში,” განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.
“მე ვარ კონტენტ კრეატორი საბერძნეთიდან, კონტენტ კრეატორთა დიდი ჯგუფის წევრი, საქართველოს შესახებ სწორედ ამ გამოფენაზე გავიგე – განსაკუთრებით მოვიხიბლე თქვენი ქვეყნის ულამაზესი ადგილებით, მდიდარი კულტურით, მრავლაფეროვანი ბუნებითა და უნიკალური გასტრონომიით. გამიჩნდა სურვილი თავად მოვინახულო თქვენი ქვეყანა და უკეთ გავიცნო მისი ტურისტული პოტენციალი,” ამბობს ჯორჯ ვერგადოსი, კონტენტ-კრეატორთა ჯგუფის წევრი.









