გაურკვეველია და იქნებ გვიპასუხოთ, ბატონო თავმჯდომარე, რატომ გვითხარით უარი მე და ანა ნაცვლიშვილს გვენახა ლაზარე და არა არის მიზეზი იმისა, რომ არ შეგვიშვით მათთან ციხეში? - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
"რაც შეეხება „რუსული ოცნების“ წარმომადგენლებს - მინდა მოგმართოთ, რომლებიც აქ ზიხართ, მაინტერესებს სად გადის თქვენი ბოროტების ზღვარი და მაინტერესებს რატომ სწირავთ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს? იმიტომ ხომ არა, რომ ლაზარემ და ლაზარეს თაობამ სილა გაგაწნათ 7-8 მარტის მოვლენებზე და საჯაროდ გითხრათ, რომ ამ თაობის არჩევანი არის ევროპა და არა რუსეთი? იმიტომ ხომ არა, რომ ლაზარეს და ლაზარეს თაობის ბრძოლის გამო, თქვენ რუსული კანონის უკან გაწვევა მოგიწიათ? არანაირი სამართლებრივი მტკიცებულება თქვენ ლაზარეს წინააღმდეგ არ გაქვთ. ლაზარეს თქვენ წაართვით სასამართლოს უფლება, როდესაც თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები და ლაზარეს დემონიზებას შეეცადნენ. გაურკვეველია და იქნებ გვიპასუხოთ, ბატონო თავმჯდომარე, რატომ გვითხარით უარი მე და ანა ნაცვლიშვილს გვენახა ლაზარე და არა არის მიზეზი იმისა, რომ არ შეგვიშვით მათთან ციხეში? - განაცხადა ანა წითლიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა და მონახულება არ არის დეპუტატის უფლება, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე.