ტრამპს აქვს „საკმაოდ დეტალური გეგმები“, როგორ დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გეგმები ემთხვევა უნგრეთის ინტერესებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრულ ტელეკომპანია M1-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ტრამპს აქვს მკაფიო ხედვა, რაშიც ძნელია, არ დაეთანხმო. ის ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომისთვის ერთ ცენტსაც არ გასცემს და ომი დასრულდება, რადგან აშკარაა, რომ ამის გარეშე უკრაინა ფეხზე ვერ დადგება. ამერიკელები ფულს და იარაღს თუ არ მისცემენ, მაშინ ომი დამთავრდება. ამერიკელები ფულს თუ არ გასცემენ, მაშინ ევროპელები თავად ვერ დააფინანსებენ ამ ომს და ომი დასრულდება“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ს არ სურს ევროპის უსაფრთხოების დაფინანსება.

„ევროპელებს თუ ეშინიათ რუსების ან ზოგადად, სურთ, ჰქონდეთ უსაფრთხოების მაღალი დონე, ამისთვის უნდა გადაიხადონ – შექმნან საკუთარი არმია, ჰქონდეთ საკუთარი აღჭურვილობა, ან ამისთვის ამერიკელებს თუ გამოიყენებენ, მათ უსაფრთხოების საფასური გადაუხადონ. ტრამპი პირდაპირ და გარკვევით საუბრობს“, – აღნიშნა ორბანმა.

ორბანის თქმით, ტრამპი „იყო პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ომი არ დაუწყია თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში“.

„ჩვენ ვიცით მის შესახებ, მისი პრეზიდენტობიდან ვიცით, რომ ის არის მშვიდობის ადამიანი. ის ახლა არ მალავს თავის შეხედულებებს. ნათლად აჩვენა, რომ მისი მიზანია მშვიდობის დამყარება რუსეთ-უკრაინის ომში. გვსურს ცეცხლის ადრეული შეწყვეტა. ჩვენ გვსურს ამ ომის სწრაფად დასრულება, რომელიც ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. მე ვერ ვხედავ სხვას, ვისაც აქვს მეტი მონდომება, ძალა, ვიდრე დონალდ ტრამპს“, – აღნიშნა ორბანმა.