ასეთი ეპითეტებით შეამკეს ერთმანეთი მარ-ა-ლაგოში აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.

ტრამპის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მშვიდობა სუფევდა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში და ასე იქნებოდა დღესაც, ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი რომ იყოს, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს ვილაში აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.

ორბანმა  ტრამპს  „მშვიდობის (უზრუნველმყოფი) პრეზიდენტი" უწოდა.

„უნგრეთს მშვიდობა სჭირდება. მისი სახელი - დონალდ ტრამპია", - თქვა მან და დასძინა:

„ჩვენ, უნგრელებს, მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ გულწრფელად ვაღიაროთ: მსოფლიო უკეთესი იქნებოდა და უნგრეთისთვის უკეთესი იქნებოდა თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი <ხელისუფლებაში> დაბრუნდებოდა". ტრამპმა მსოფლიოს პატივისცემა დაიმსახურა და ამით შექმნა პირობები მშვიდობისთვის. 

დონალდ ტრამპმა ასევე აღფრთოვანებით ისაუბრა თავის სტუმარზე.

„არავინაა უფრო უკეთესი და ჭკვიანი წინამძღოლი, ვიდრე ორბანი. იგი ფანტასტიკურია!... ის არაა წინააღმდეგობრივი ფიგურა. იგი ამბობს, რომ ასე იქნება და მორჩა... ის ბოსია".