სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს.
"ისევე, როგორც წარსულში, აზერბაიჯანის ოფიციალურ ანგარიშებსა და მასმედიაში კვლავ ჩნდება ცრუ მტკიცება, რომ მთიან ყარაბაღში არიან სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, სამხედრო ტექნიკა და პერსონალი. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ და ახლაც განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკას არ ჰყავს ჯარი მთიან ყარაბაღში", – აღნიშნულია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების" შესახებ განაცხადა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციის მიზანია რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა.
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, "ოპერაციის შესახებ წინასწარ ეცნობა კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ხელმძღვანელობასა და თურქულ-რუსულ მონიტორინგის ცენტრს".
მანამდე, ბაქომ, ჭურვის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის შსს-ს 4 თანამშრომლის დაღუპვის შესახებ განაცხადა. მისივე მონაცემებით, ჭურვი "სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა აზერბაიჯანის კუთვნილ ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ტერორისტული მიზნით ჩადო".
სოციალურ ქსელებში უკვე ვრცელდება საომარი მოქმედებების ამსახველი ვიდეო კადრები, ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტში კი საჰაერო განგაშია გამოცხადებული.