სტეფანაკერტში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა რუბენ ვარდანიანმა "მასირებული საარტილერიო ცეცხლის გახსნის" შესახებ განაცხადა. თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ყარაბაღში "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების" შესახებ იუწყება.
მისივე ინფორმაციით, "წინა ხაზზე და სიღრმეში მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში მწყობრიდან გამოჰყავთ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი ხანგრძლივი საცეცხლე წერტილები, საბრძოლო საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები". ამასთან, ბაქოს მტკიცებით, "სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს - ნადგურდება მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები".
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, "ოპერაციის შესახებ წინასწარ ეცნობა კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ხელმძღვანელობასა და თურქულ-რუსულ მონიტორინგის ცენტრს".
მანამდე ბაქომ ჭურვის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის შსს-ს 4 თანამშრომლის დაღუპვის შესახებ განაცხადა. მისივე მონაცემებით, ჭურვი "სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა აზერბაიჯანის კუთვნილ ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ტერორისტული მიზნით ჩადო".