რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეგიონში რუსული დაბომბვის შედეგად საერთო ჯამში 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
ქალაქ ანტონოვკაში მომხდარი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდნენ 67 წლის ქალი და 42 წლის კაცი. ისინი ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულები არიან.
ამასთან ერთად, რუსმა სამხედროებმა ასევე დაბომბეს ქალაქი სტანისლავი, სადაც კიდევ ექვსი ადამიანი დაშავდა. მათ შორის არის 9 წლის ბავშვი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მედიის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ისინი საჭირო მკურნალობას გადიან.
ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, რომან მროჩკოს ინფორმაციით, ანტონოვაკში დაჭრილებს შორის არიან დასახლების ხელმძღვანელი სერჰი ივასჩენკო და მისი ერთი თანამშრომელი.