ჰამასმა გამოაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის აშშ-ს მიერ შეთავაზებულ წინადადებაში შესწორებების შეტანა სურს.
ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენელმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ შეთავაზებული წინადადებებს "დადებითად" აფასებენ, თუმცა ცვლილებების შეტანა უნდათ.
ჰამასის თანახმად, მზად არიან, რომ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელს 10 ცოცხალი მძევალი და 18 მძევლის ცხედარი გადასცენ, თუმცა ხელახლა განაცხადეს, რომ ომის დასრულებასა და ღაზადან ისრაელელი ჯარისკაცების გასვლას ითხოვენ.
გამოცემა Reuters-თან საუბრისას ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენელმა თქვა, რომ წინადადებაში მათ მიერ შეთავაზებულ ცვლილებები 60-დღიანი ზავის განმავლობაში მძევლების გადაცემის სამ ფაზად დანაწილებას, ღაზის სხვადასხვა ტერიტორიაზე მეტი დახმარების შეტანასა და ომის დასრულების გარანტიას მოიაზრებს.
"ჰამასის" სამფაზიანი შეთავაზებისგან განსხვავებით აშშ-ს მიერ შეთავაზებული წინადადება მძევლების გადაცემას პირველ და მეშვიდე დღეს განაწილებულ ორ ეტაპად მოიაზრებდა.
მხარეთა მიერ განხილული ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებები 60-დღიან ზავს, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლასა და 1 200-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ ღაზაში მყოფი 58 მძევლიდან 28-ის ისრაელისთვის გადაცემას მოიცავს.