ჩვენი დებატების სახელწოდებაა „ეუთო ჰელსინკის შემდეგ 50 წლის თავზე“. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ორგანიზაცია ეგზისტენციალურ კრიზისშია. ეუთო-მ ვერ შეძლო საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის თავიდან აცილება, ის ვერ არეგულირებს სხვა კონფლიქტებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამხარაძის თქმით, „წევრი ქვეყნების უსაფრთხოების არქიტექტურა, რომლის შექმნასაც ის ოდესღაც ცდილობდა, ინგრევა“.

„ჩემი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიები ბოლო 17 წელია, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და საერთაშორისო საზოგადოება ვერაფერს აკეთებს სტატუს კვოს შესაცვლელად. ეს კრიზისი კიდევ უფრო მძიმდება ზოგიერთი წევრის მცდელობებით, რათა გააჩუმონ და გარიცხონ ის კოლეგები, რომლებიც არ იზიარებენ მათ მოსაზრებას ან ეწინააღმდეგებიან მათ დასაბუთებული არგუმენტებით. თქვენ არ იცით ის ფაქტი, რომ ახლახან, ამ ასამბლეის რამდენიმე წევრმა მიმართა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, რომ არ დაეშვა ქვეყანაში საქართველოს ასამბლეის წევრები, რითიც ცდილობდნენ საქართველოს დელეგაციის მონაწილეობიდან გარიცხვას. ეს იყო უაღრესად საგანგაშო ქმედება, რომელიც მკაცრად დაგმობის ღირსია და ეწინააღმდეგება ეუთო-სა და პარლამენტარიზმის ზოგად ღირებულებებსა და პრინციპებს“, – განაცხადა სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არის სახიფათო ტენდენციები, რომლებსაც, მისივე თქმით, „ამ ასამბლეის ზოგიერთი წევრი განაპირობებს“.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წევრისგან ვხედავთ სახიფათო ტენდენციებს, სადამკვირვებლო მისიების დასკვნების უგულებელყოფას და ცრუ განცხადებებს, რაც ემსახურება ვიწრო პოლიტიკურ, მათი მეგობარი პარტიების ინტერესებს (ჩვენს შემთხვევაში არჩევნების უარმყოფელები), სრულიად უგულებელყოფენ ფაქტებს. კომიტეტებში ბოლოდროინდელმა დებატებმა, განსაკუთრებით ჩემს ქვეყანასთან დაკავშირებულმა, ნებისმიერ ნეიტრალურ დამკვირვებელს აჩვენა, რომ ქვეყნების წინააღმდეგ ბრალდებები მტკიცებულებებისა და არგუმენტაციის გარეშე კეთდება. დღეს თუ ეს არჩევნების შედეგების დამახინჯებაა, სიცრუის გავრცელება და იმ ადამიანების მშვიდობიანად მოხსენიება, რომლებიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით ესხმიან თავს, ხვალ შეიძლება, ჩვენ სპილოები გვიწოდონ და უმრავლესობას ეს იარლიყი თუ მოეწონება, მაშინ შეიძლება, ასეთი სისულელე რეზოლუციის ტექსტშიც მოხვდეს.

ეს ძალიან საშიში გზაა და ანგრევს ნდობას, სანდოობას საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებისადმი და ზოგადად ორგანიზაციისადმი. ამ რთულ დროს, როდესაც ვდგავართ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების, გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და სახელმწიფოებს შორის მზარდი მტრობის წინაშე, ჩვენ უნდა დავდგეთ სიმართლისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მჯერა, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს სიცრუეზე, ფაქტები ყოველთვის აღემატება აღქმებს. ამიტომ, ვიმედოვნებ, მომავალ ზაფხულს, როდესაც კვლავ შევიკრიბებით, შევძლება, ყურადღება გავამახვილო ეუთო-ს სივრცეში უფრო პოზიტიურ მოვლენებზე“, – აღნიშნა სამხარაძემ.