საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 30 ივნისს მაისის ეკონომიკური ზრდის, დღეს კი მაისში ინფლაციის დონის შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები.

სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის თანახმად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა (ინდექსაცია) ხდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ინფლაციის და მშპ-ს მაჩვენებლების შესახებ გამოქვეყნებული მონაცემებიდან და არსებული ტენდენციიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის მომენტისთვის 12 თვის (ოქტომბერი 2024 წელი - სექტემბერი 2024 წელი) საშუალო ინფლაცია* იქნება 2,3-2,5%-ის ფარგლებში, ხოლო ბოლო ექვსი კვარტალის (2024 წლის 4 კვარტალი და 2025 წლის პირველი 2 კვარტალი) მშპ-ს რეალური ზრდის** მაჩვენებლების საშუალოს 80% კი 7,2%-დან 7,3%-მდე ინტერვალში.

შესაბამისად, პენსიის მოცულობის მოსალოდნელი ზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის არის 20 ლარი (კანონით გათვალისწინებული ზრდის მინიმალური ოდენობა), 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის კი 45 ლარი (9,0% ან 9,1%-ის 80%-ის და 2,3% ან 2,5%-ის ჯამი შეადგენს 9,5-9,8%, 450 ლარის ეს პროცენტი კი თანხას 42,8 ლარიდან 44,0 ლარამდე ფარგლებში).

კანონი სახელმწიფო პენსიის ინდექსირების შესახებ პარლამენტმა 2020 წლის ივლისში დაამტკიცა და ის საპენსიო სისტემის რეფორმირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად განიხილებოდა. საპენსიო სისტემის რეფორმირება აუცილებლობა ნაკარნახევი იყო, ერთი მხრივ, მოსახლეობის დაბერების პროცესის მზარდი ტენდენციით, მეორე მხრივ კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ჩანაცვლების კოეფიციენტით: 2020 წელს საშუალო ხელფასი შეადგენდა 1227 ლარს, ხოლო წლის დასაწყისისთვის სახელმწიფო პენსია 220 ლარი იყო. შესაბამისად, ჩანაცვლების კოეფიციენტი 17.9 პროცენტს შეადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ 70 წლამდე ასაკის მოქალაქეთა პენსია 2026 წლის 1 იანვრიდან გახდება 370 ლარი, რაც 2020 წელს არსებულზე 68%-ით მეტია, თუმცა, ასეთი მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, ჩანაცვლების კოეფიციენტი არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდევაც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, საშუალო ხელფასი ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით იზრდება და 2024 წლის ბოლოს 2059 ლარს შეადგენდა. მაშასადამე, 2025 წლის ბოლოსთვის საშუალო ხელფასი მიაღწევს 2265 ლარს, ჩანაცვლების კოეფიციენტი კი იქნება 16,3%.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, თანახმად, „2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4-პროცენტიან ნიშნულს, საშუალო ხელფასი გადასცდეს 3 500 ლარს“. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩანაცვლების კოეფიციენტის კიდევ უფრო მეტად შემცირებაა მოსალოდნელი. ჩანაცვლების კოეფიციენტი განსაკუთრებით დაბალი გახდება, ერთი მხრივ, მამაკაცებში (ქალებთან შედარებით უფრო მაღალი ხელფასის გამო), მეორე მხრივ კი, თბილისელ პენსიონერებში (დედაქალაქში საშუალო ხელფასის უფრო მაღალი დონის გამო).

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, 2024 წლის 3 ივნისს, „აიპრესმა“ პენსიის ოდენობის ინდექსაციის წესთან შედარებით უფრო მეტად ზრდა ივარაუდა და ეს ვარაუდი გამართლდა: პენსია 335 ლარი უნდა გამხდარიყო. მთავრობის გადაწყვეტილებით კი 350 ლარი გახდა.

ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა, კერძოდ, ეკონომიკური ზრდის შესახებ მონაცემები და წინასაარჩევნო პერიოდი, კვლავ იძლევა მსგავსი ვარაუდის დაშვების საფუძველს.

* ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის ცვალებადობა:
ოქტომბერი, 2024წ - 0,9%
ნოემბერი, 2024წ - 1,0%
დეკემბერი, 2024წ - 1,0%
იანვარი, 2025წ - 1,3%
თებერვალი, 2025წ - 1,5%
მარტი, 2025წ - 1,7%
აპრილი, 2025წ - 1,9%
მაისი, 2025წ - 2,0%
ივნისი, 2025წ - 2,1%
ივლისი, 2025წ - (მოსალოდნელი მაჩვენებელი) 2,1-2,3%
აგვისტო, 2025წ - (მოსალოდნელი მაჩვენებელი) 2,2-2,4%
სექტემბერი, 2025წ - (მოსალოდნელი მაჩვენებელი) 2,3-2,5%

** მშპ-ს რეალური ზრდის მონაცემები:
I კვარტალი, 2024წ - 8,7%
II კვარტალი, 2024წ - 9,7%
III კვარტალი, 2024წ - 11,0%
IV კვარტალი, 2024წ - 8,3%
I კვარტალი, 2025წ - 9,3%
აპრილი, 2025წ - 7,5%
მაისი, 2025წ - 7,5%
ივნისი, 2025წ - (მოსალოდნელი მაჩვენებელი) 6,0-7,5%
II კვარტალი, 2025წ - (მოსალოდნელი მაჩვენებელი) 7,0-7,5%