თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მსგავსად, ომის დანაშაულებისთვის უნდა გასამართლდეს.
ერდოღანმა ისრაელის პრემიერს "ღაზას ჯალათი" კიდევ ერთხელ უწოდა.
"ნეთანიაჰუ, ღაზას ჯალათი, არა მხოლოდ ომის დამნაშავეა, არამედ მას აუცილებლად გაასამართლებენ, როგორც ღაზას ჯალათს, ისევე, როგორც მილოშევიჩი გაასამართლეს," - თქვა ერდოღანმა სტამბოლში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე გამოსვლისას.
მილოშევიჩი გაეროს ტრიბუნალმა ჰააგაში, სისხლისმღვრელი კონფლიქტების გაღვივების ბრალდებით გაასამართლა. სასამართლო განაჩენის გამოტანამდე, ის საკანში გარდაიცვალა.
ერდოღანმა გაერო და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი გააკრიტიკა. მან ისინი ძალადობის შეწყვეტის მცდელობების დაბლოკვაში დაადანაშაულა.
"ერთის მხრივ, 121 ქვეყანაა, რომლებიც ამბობენ 'შეაჩერეთ ომი' და 'შეაჩერეთ სისხლის ღვრა', ხოლო მეორე მხრივ, არის სამი ან ხუთი ქვეყანა, რომლებიც კარტ ბლანში აძლევენ ისრაელის თავდასხმებს," - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.