თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისს განუცხადა, რომ ანკარა მზადაა იკისროს გარანტორის როლი ისრაელსა და პალესტინელებს შორის ღაზის სექტორში არსებული კრიზისის მოგვარებაში.
როგორც Reuters ერდოღანის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, თურქეთის ლიდერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისლამურმა სამყარომ უნდა დაიკავოს ერთიანი პოზიცია და გააძლიეროს ისრაელზე ზეწოლა კონფლიქტის მოსაგვარებლად.
ერდოღანისა და რაისის შეხვედრა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში გაიმართა.
თურქული წყაროების ცნობით, მოლაპარაკებების დღის წესრიგში ძირითადი ყურდღება დაეთმო ღაზის სექტორში ისრაელის-„ჰამასის“ ომთის გამო შექმნილ ვითარებაზე მსჯელობას. თურქული მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორმა ლიდერმა განიხილა ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც გამოწვეულია ისრაელის თავდასხმებით ღაზის სექტორზე, მის მოსაგვარებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე, თურქეთ-ირანის ურთიერთობებსა და რეგიონულ საკითხებზე.