თურქეთის პრეზიდენტმა გააუქმა ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი, ხოლო "ჰამასს" გამათავისუფლებელი მოძრაობა უწოდა. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა "არაადამიანური" უწოდა ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში - მისი თქმით, სწორედ ამის გამო გააუქმა ისრაელში დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ვიზიტი.
ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელს და დასავლეთს შეუძლიათ, "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნიონ, თუმცა თურქეთს განსხვავებული აზრი აქვს - "ჰამასი" არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ეს არის მოჯაჰედების ჯგუფი, რომლებიც საკუთარ მიწას იცავენ."
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, "დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს ცეცხლზე ნავთის დასხმა ისრაელის მხარდაჭერით", ხოლო მუსლიმური სახელმწიფოები ერთობლივად უნდა ესწრაფოდნენ ცეცხლის შეწყვეტას და მტკიცე მშვიდობას.
გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეგვიპტისა და ღაზის სექტორის დამაკავშირებელი რაფას გადასასვლელი პუნქტის დახურვა მისი ქვეყნისთვის მიუღებელი იქნება.