ხუთშაბათს, 5 ივნისს, ლატვიის სეიმის დეპუტატი ალექსეის როსლიკოვსი (პარტია „სტაბილურობისთვის!“) უხამსი ჟესტის და რუსულად საუბრის გამო სეიმის სხდომიდან გააძევეს. დეპუტატის ერთი სხდომიდან გაძევებას მხარი 63 დეპუტატმა დაუჭირა. სეიმის თავმჯდომარემ განმარტა, რომ სეიმის წევრს უფრო მკაცრი სასჯელი ემუქრება - სეიმის ექვს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობის ჩამორთმევა.
ლატვიის სეიმი „საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ლატვიის დანაშაულებრივი რუსიფიკაციისა და მისი ენობრივი შედეგების პრევენციის შესახებ დეკლარაციის“, პროექტის განხილვის დაწყებისას სეიმის დეპუტატმა როსლიკოვსმა სიტყვა ითხოვა და სეიმის ტრიბუნიდან ამ დეკლარაციის პროექტის დღის წესრიგში შეტანის წინააღმდეგ გაილაშქრა
გამოსვლის ბოლოს დეპუტატმა რუსულად წამოიძახა:
„ჩვენ უფრო ბევრი ვართ, რუსული ენა - ჩვენი ენაა“ და დარბაზს ორჯერ უჩვენა უხამსი ჟესტი.
როსლიკოვსის ქცევამ დეპუტატთა ერთი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.
დარბაზში ხმამაღალი შეძახილების ფონზე სეიმის ვიცე-სპიკერმა ზანდა კალნინა-ლუკაშევიცამ (პარტია „ახალი ერთობა“)დეპუტატებს შესთავაზა როსლიკოვსი სხდომიდან გაძევებით დაესაჯათ.
„კენჭისყრის მიზანია როსლიკოვსის დარბაზიდან გაძევება არაეთიკური ქცევის, სეიმის სხდომაზე რუსული ენის გამოყენების, სეიმის და მისი წევრების მიმართ უპატივცემულობის გამო“, - განაცხადა სეიმის თავმჯდომარემ დაიგა მიერინამ („მწვანეთა და ფერმერთა კავშირი“).
სეიმმა წინადადებას კენჭი უყარა და 63-მა დეპუტატმა (სეიმში სულ 100 დეპუტატია) როსლიკოვსკის სხდომიდან გაძევებას დაუჭირა მხარი.
ლატვიის მედია აღნიშნავს, რომ უხამსი ჟესტის გამოყენებასთან ერთად, როსლიკოვსმა სეიმის რეგლამენტიც დაარღვია. ერთი კვირის წინ სეიმის მიერ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებით,პარლამენტის შენობაში კომუნიკაცია მხოლოდ ლატვიურ ენაზეა დაშვებული.
სეიმის სხდომიდან როსლიკოვსის გაძევების წინააღმდეგ, მისი პარტიის წევრებთან ერთად (პარტია სტაბილურობისთვის სეიმში 11 დეპუტატით არის წარდგენილი), პარტიის „ლატვია პირველ ყოვლისა!“ (9 დეპუტატი) ზოგიერთი წევრიც იყო.
როსლიკოვსმა ინციდენტის შემდეგ ლატვიის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ ნანობს. ეს იყო მისი პასუხი მშობლიური ენის, რუსული ენის შეზღუდვების შესახებ კითხვაზე.
რუსულად წარმოთქმულ ფრაზასთან - „ჩვენ უფრო მეტნი ვართ“ - დაკავშირებით როსლიკოვსმა განმარტა, რომ ეს ნიშნავდა არა იმას, რომ რუსულენოვანები უფრო ბევრი გახდნენ, არამედ იმას, რომ უფრო ბევრი იყვნენ ისინი, ვინც არ ეთანხმებოდა „ეროვნული ალიანსის“ მიერ წარდგენილი დეკლარაციის პროექტს.
სეიმის სპიკერმა დაიგა მიერინამ განმარტა, რომ მან სხდომის დაწყების წინ პირადი საუბრისას როსლიკოვსს მოუწოდა „არ დაერღვია წესები, მაგრამ უკვე ვნახეთ, რომ ეს სპეციალურად იყო მოწყობილი და ის ელოდა ამ ესკალაციას“, - თქვა მიერინამ.
მისი აზრით, ეთიკის კომისიას აქვს საფუძველი, გადაწყვიტოს უფრო მკაცრი სასჯელი. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება მომავალ კვირას იქნება მიღებული.
შესაძლო სანქციები საკმაოდ სიმბოლურია - დისკვალიფიკაცია სეიმის რამდენიმე (ექვსამდე) სხდომაში მონაწილეობისგან და საჯარო გაფრთხილების წაკითხვა. ეს სასჯელი ერთხელ მიიღო „სახალხო პარტიის“ პარლამენტის წევრმა იანის ლაგზდინშმა უხამსი ჟესტის გაკეთებისთვის.
41 წლის ალექსეის როსლიკოვსი ლატვიელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსია. არის ლატვიის გაერთიანებული პოლიციის ვიცე-პრეზიდენტი. 2004-2005 წლებში სანიტრად მუშაობდა, შემდეგ სახელმწიფო პოლიციის რიგის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი გახდა. 2017 წელს რიგის დუმაში აირჩიეს პარტია „თანხმობის“ სიით. 2020 წელს პარტია „ალტერნატივის“ სიით უშედეგოდ იყარა კენჭი რიგის დუმაში. 2021 წელს „თანხმობიდან“ მასთან ერად გარიცხულ ვალერის პეტროვსთან ერთად დააარსა პარტია „სტაბილურობისთვის! 2022 წლიოდან სეიმის დეპუტატია.
ლატვიაში რუსულ ენას მშობლიურ ენად ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 38% მიიჩნევს. მათ შორის ბევრია ისეთი, ვინც რუსეთთან კავშირების გაძლიერებას და რუსულის მეორე სახელმწიფო ენად აღიარებას უჭერს მხარს. ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკოსი, 2009-2019 წლებში რიგის მერი, რუსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევთან პატრიარქ კირილთან და მოსკოვის მერ სერგეი სობიანინთან ვოიაჟებით ცნობილი, 2015 წელს, მოსკოვში მორიგი ვიზიტის დროს, პატრიარქ კირილის მიერ „საზოგადოებაში ქრისტიანული პრინციპების განმტკიცებისთვის“ საერთაშორისო პრემიით და 10000 აშშ დოლარი ფულადი პრემიით დაჯილდოებული, ლატვიის რუსულენოვან მოსახლეობაში პოპულარული ლატვიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის („თანხმობა“) სახელით ევროპარლამენტში არჩეული ნილს უშაკოვსია - ევროკავშირი-სომხეთის საპარლამენტო პარტნიორობის კომიტეტის, ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციების თავმჯდომარე, პეტიციების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, საბიუჯეტო კომიტეტის წევრი და ტრანსპორტის და ტურიზმის კომიტეტის სათადარიგო წევრი.
ალექსეის როსლიკოვსკისის საქციელს დაუყოვნებლივ შეეხმიანენ აღტაცებით რუსი პოლიტიკოსები: რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი, სახელმწიფო დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე, რუსეთი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი და სხვები.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკეში თავის საყრდენი ძალების შენარჩუნებას და გაძლიერებას, მათ შორის, ღიად თუ ფარულად არსებული ძალისმიერი დანაყოფების რიცხოვნობის გაზრდას. ამის ერთ-ერთი უახლოესი მაგალითი კი მოლდოვის რესპუბლიკაა, სადაც, მოლდოვის პრემიერ-მინისტრ დორინ რეჩანის თქმით, რუსეთს 10 000 სამხედროს განთავსება სურს.