შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და საპრეზიდენტო კამპანიის დროს რესპუბლიკელების ყველაზე მსხვილ დონორს, შემდეგ კი ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში შექმნილი „სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ილონ მასკს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს.
საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის მკვეთრად უარყოფითი კომენტარების შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის იმედგაცრუების შესახებ განაცხადა.
„ილონს და მე გვქონდა შესანიშნავი ურთიერთობა. არ ვიცი, კვლავ გვექნება თუ არა“, - თქვა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
მისი თქმით, ილონ მასკს კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც შეიტყო, რომ ხელისუფლება ელექტრომობილების მანდატის შემცირებას გეგმავდა.
მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ილონმა ამ კანონპროექტის შიდა სამზარეულო აქ მყოფთაგან ყველაზე უკეთესად იცოდა და მასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია. პრობლემა მოულოდნელად გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ჩვენ ვაპირებთ ელექტრომობილების მანდატის შემცირებას, რადგან ეს მილიარდობით დოლარია და ეს ნამდვილად უსამართლოა. ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ყველა სახის მანქანა: ელექტრო მანქანებიც, ბენზინის ძრავიანი მანქანებიც და ჰიბრიდული მანქანებიც. გვსურს, შეგვეძლოს ყველაფრის გაყიდვა. ამასთან დაკავშირებით მას, ვიდრე არ წავიდა, პრობლემა არ ჰქონია. განცხადებებში, პირადად ჩემზე, მას ცუდი არაფერი უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემდეგ იქნება. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონით. მე ილონს ბევრით დავეხმარე, - განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტის განცხადებას მალევე გამოეხმაურა ილონ მასკი. მან პრეზიდენტი სიცრუეში დაადანაშაულა და თქვა, რომ კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტი „დიდ და მშვენიერს“ უწოდებს მისთვის არასდროს უჩვენებიათ.
კანონპროექტი სახსრების ფლანგვას უწყობს ხელს, არ შეიძლება ის ერთდროულად დიდიც იყოს და მშვენიერიც. ცივილიზაციის მთელი ისტორიის განმავლობაში ეს არასდროს მომხდარა. ეს ყველამ იცის, - დაწერა მან თავის X-ზე.
ილონ მასკმა მის შესახებ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასა როგორც უმადურობა.
„ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატები გააკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო რესპუბლიკელებს სენატში უმრავლესობა 51-49 ექნებოდათ“, „როგორი უმადურობაა“ - განაცხადა მან.
„ილონი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა“, „ჩვენს ბიუჯეტში ფულის, მილიარდობით დოლარის დაზოგვის უმარტივესი გზა - ილონის სამთავრობო სუბსიდიების და კონტრაქტების შეწყვეტაა. ყოველთვის მიკვირდა, რატომ არ ქნა ეს ბაიდენმა“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე ილონ მასკის მიერ X-ზე ტრამპის საწინააღმდეგო ტირადის საპასუხოდ.
„პრეზიდენტის მიერ ჩემი სამთავრობო კონტრაქტების გაუქმების შესახებ განცხადების გათვალისწინებით, SpaceX დაუყოვნებლივ დაიწყებს თავისი კოსმოსური ხომალდის, Dragon-ის, ექსპლუატაციიდან გამოყვანას“, - უპასუხა მასკმა
ტრამპის საწინააღმდეგო მრავალრიცხოვანი პოსტებიდან ერთ-ერთში მასკმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის, საქმის მასალებში დონალდ ტრამპის სახელიც ფიგურირებს და ესაა მიზეზი, რის გამოც დოკუმენტაცია სრულად არ გასაჯაროებულა.
„ნამდვილად დიდი ბომბის ჩამოგდების დროა! დონალდ ტრამპი არის ეპშტეინის ფაილებში. ესაა ნამდვილი მიზეზი, რის გამოც არ გასაჯაროვდა ისინი. სასიამოვნო დღეს გისურვებ, დონალდ ტრამპ!“, – დაწერა მასკმა.
Time to drop the really big bomb:@realDonaldTrump is in the Epstein files. That is the real reason they have not been made public.
— Elon Musk (@elonmusk) June 5, 2025
Have a nice day, DJT!
ილონმა მასკმა ასევე გაიზიარა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის ტვიტი ტრამპის იმპიჩმენტის და ვიცე-პრეზიდენტით, ჯეი დი ვენსით, მისი ჩანაცვლების შესახებ და მის შინაარსს ჩვეულ სტილში და მკაფიოდ დაეთანხმა.
— Elon Musk (@elonmusk) June 5, 2025