მოლდოვის პრემიერმინისტრმა, დორინ რეჩანმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთს მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში, უკრაინის საზღვართან, 10 000 სამხედროს განთავსება სურს. 

ამჟამად რუსეთს დნესტრისპირეთში მცირე რაოდენობის სამხედროები ჰყავს განლაგებული და ამ დროისთვის კრემლს რეგიონში დამატებითი ჯარისკაცების გაგზავნა არ შეუძლია. 

თუმცა, მოლდოვის პრემიერი გამოცემასთან ამბობს, რომ რუსეთი ქვეყნის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ერევა იმ იმედით, რომ სამომავლოდ უფრო მეგობრული მთავრობა რუსეთს დნესტრისპირეთში დამატებითი სამხედროების გაგზავნის ნებას დართავს. მოლდოვაში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სექტემბერშია დაგეგმილი. 

"ეს ძალიან დიდი ძალისხმევაა, რათა მოლდავურ დემოკრატიას ძირი გამოეთხაროს," თქვა რეჩანმა და დაამატა, რომ მთავრობა სრულ ყურადღებას უთმობს ევროკავშირის კანდიდატურას, რათა ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. 

"თქვენ წარმოიდგინეთ 10 000 სამხედროთი რა ბერკეტი და წნეხი იქნება უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე". - თქვა მან: "მაგრამ ასევე რუმინეთზეც, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყანაა".