„ყველაზე გულწრფელი ემოციები!“ - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების Facebook-პოსტშია ნათქვამი.
„დორტმუნდის, ჰამბურგის, გელზენკირხენის და კიოლნის შემდეგ, წითელ თეთრი ფერებით თბილისი გავაფერადეთ“,- წერია პოსტში, სადაც თანდართულია „ჯვაროსნებისადმი“ მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებიდან გულშემატკივრების ფოტოები.
გუშინ, თავისუფლების მოედანზე ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან შეხვედრის საზეიმო ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.
მანამდე ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. გულშემატკივართა ნაწილი მათ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან დახვდა, ნაწილი კი, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანიიდან გუშინ დილით დაბრუნდა. ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ეფექტურად გამოსვლის შემდეგ, სამშობლოში თბილისის დროით 09:15 საათზე ჩამოფრინდა. აეროპორტში ნაკრებს უამრავი გულშემატკივარი დახვდა, რომელმაც დროშების ფრიალითა და მადლობის შეძახილით გუნდი აეროპორტის ტერიტორიიდან გააცილა.