საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილი სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას აგრძელებს. ამჯერად ინვენტარი და ეკიპირება ახმეტის, თიანეთის, დუშეთის, ხაშურის, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებმა მიიღეს.

მუნიციპალიტეტებისთვის ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, სახელმწიფოს რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დავით ნოზაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ვეტერანი სპორტსმენები და ადგილობრივი სპორტული ორგანიზაციებისა და კლუბების აღსაზრდელები ესწრებოდნენ. ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას დაესწრო კარატეში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ევროპული თამაშების
ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გოგიტა არქანიაც.


„მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის “ ფარგლებში 2023 წელს სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფმა 25 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში მწვრთნელებისა და მათი მოსწავლეების საჭიროებების შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარა. მუნიციპალიტეტებში აღმოჩნდა სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების დეფიციტი და მწვავე საჭიროება, არსებული ინვენტარისა და ეკიპირების ნაწილი კი დაზიანებული იყო და შეცვლა სჭირდებოდა, ეს გარემოება კი ნეგატიურად აისახებოდა ვარჯიშებისა და წვრთნების ხარისხზე, ზრდიდა ტრავმების რისკს და აფერხებდა სპორტის განვითარებას.


მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე, მასობრივი სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ მიმართა შპს „სპორტმშენსერვისს“, რომელმაც შეისყიდა სპორტსმენთა შესაბამისი ეკიპირებისა და სპორტული ინვენტარი. სამინისტროს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში 25 მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლებისა და დაწესებულებებისთვის, ასევე, სპორტული ფედერაციებისთვის კომპანიამ შეისყიდა 3 788 620 ლარი ღირებულების 8355 ერთეული სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი და ეკიპირება. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი უპრეცედენტოა - მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში პირველად ჩატარდა საჭიროებების მონიტორინგი და ამ რეგიონების სპორტულ ორგანიზაციებს ინვენტარი პირველად გადაეცა.


თითოეულ მუნიციპალიტეტს ინვენტარი და ეკიპირება გადაეცა სპორტული ორგანიზაციებისა და კლუბების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, მწვრთნელებისა და მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით, კერძოდ:

ა(ა)იპ სკოლისგარეშე სპორტულ-საგანმანათლებლო დაწესებულებამ - ახმეტის ზურაბ ზვიადაურის სახელობის კომპლექსურმა სპორტულმა გაერთიანებამ მიიღო ტატამები, საჭიდაო ხალიჩა, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები, მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები, კრივის ხელთათმანები, სავარჯიშო, საჭიდაო მანეკენები, მკლავჭიდის მაგიდები, ბაგირები, კროსფიტის თოკები, სავარჯიშო ბურთები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტები, ფეხბურთის ბადეები, მეკარის ხელთათმანები, კალათბურთის ბურთები, მაგიდის ჩოგბურთის ბურთი, სასწორები, გირები, ჰანტელები, კიმონოები, კრივის ტომრები, ლახტები;

ა(ა)იპ სკოლისგარეშე სპორტულ დაწესებულებას - ახმეტის საფეხბურთო სკოლა ,,ბახტრიონს" ფეხბურთის ფორმები, სავარჯიშო რეზინები, ფეხბურთის გადასაცმელები, ფეხბურთის ბურთები, მეკარის ხელთათმანები, ფეხბურთის ბადეები და სასწორები გადაეცა;

ა(ა)იპ-მა - სპორტულმა კლუბმა ,,თიანეთმა" მიიღო ტატამები, კალათბურთის ფარები, ქართული ჭიდაობის ჩოხები, კიმონოები, ლახტები, ჭადრაკის დაფები, ჭადრაკის საათები, სასწორები, მეკარის ხელთათმანები, კრივის ტომრები, კრივის ხელთათმანები, კროსფიტის თოკები, ბაგირები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტი, კალათბურთის ბადეები, კალათბურთის ბურთები, ფეხბურთის ბურთები, ფრენბურთის ბურთები, ფეხბურთის ფორმები, სტადიონის მოსანიშნები, სავარჯიშო კიბეები, სასტვენები, სავარჯიშო რეზინები;

ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გაერთიანებას გადაეცა ტატამები, მკლავჭიდის მაგიდები, კროსფიტის თოკები, ლახტები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტები, მეკარის ხელთათმანი, შტანგა ფიცარნაგით, ჰანტელები, შტანგის ღერძები, შვედური კედლები, ორძელები, კიმონოები, ფეხბურთის ბადეები, ფეხბურთის ბურთი, სავარჯიშო რეზინები, ბაგირები, სასწორები; 

ა(ა)იპ ქარელის მუნიციპალიტეტის სპორტული ორგანიზაციების გაერთიანებას გადაეცა შტანგის სიმძიმეები, ბლინები, შტანგის ღერძი, ჰანტელები, სავარჯიშო კიბეები, მეკარის ხელთათმანები, ბარიერები, ფეხბურთის ბურთები, ფეხბურთის გადასაცმელები, ფეხბურთის ფორმები, ფეხბურთის დაფები, მოედნის მოსანიშნები, კიმონოები, სავარჯიშო, საჭიდაო მანეკენები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტები, ნასოსები;

ა(ა)იპ სკოლისგარეშე სპორტულ-საგანმანათლებლო დაწესებულების ხაშურის კომპლექსურმა სპორტულმა სკოლამ მიიღო ორძელები, ტრენაჟორი, შტანგა ფიცარნაგით, ძალოსნობის ფეხსაცმელები;

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს გადაეცა უსაფრთხოების ლეიბი, ხელსაჭიდები და შტანგის ღერძი.


აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინვენტარს არა მარტო სპორტული ორგანიზაციების აღსაზრდელები, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების წევრებიც გამოიყენებენ. სპორტული ინვენტარი და ეკიპირება მუნიციპალიტეტებსა და ფედერაციებს ეტაპობრივად გადაეცემა.