უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე იერიშებს რუსეთის მიერ ომის დაფინანსების შესაძლებლობის შესაზღუდად და მოსკოვის შესაჩერებლად ახორციელებს და „თავად ნავთობი უკრაინის სამიზნეს არ წარმოადგენს“.
„თავად ნავთობი უკრაინის სამიზნე არ არის, არც ბენზინი ან დიზელი, არც უშუალოდ ქარხნები ან პორტები. ჩვენი სამიზნე რუსეთის უნარის შეზღუდვაა, დააფინანსოს ეს ომი, გაახანგრძლივოს იგი და კიდევ უფრო სასტიკი და დამანგრეველი გახადოს. თუ პუტინის შეჩერება გვინდა, უნდა შევაჩეროთ რუსეთის ფინანსური რესურსები და წარმოება. ჩვენი მამაცი ჯარისკაცები და იარაღი სწორედ ამისთვის მუშაობენ. უკრაინისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება და მადლიერი ვარ ყველა ქვეყნის, რომელიც ჩვენს გვერდით დგას და უკრაინას ეხმარება. სანქციებს, მხარდაჭერის პაკეტებსა და იარაღის ერთობლივ წარმოებას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი გვაძლიერებს. როდესაც ვინმე რუსეთს ვაჭრობის გზით მეტ ფულს აძლევს, ამით ომს მეტ დროს აძლევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ აგრესორთან ვაჭრობის შეზღუდვას და თავადაც ვცდილობთ რუსეთის შემოსავლების შემცირებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში ყოველ საათს უქმნის საფრთხეს ადამიანების სიცოცხლეს, უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმებით.
„გადარჩებოდა თქვენი ქვეყანა, ღმერთმა ნუ ქნას, თქვენც რომ მოგიწიოთ იმასთან გამკლავება, რასაც უკრაინა ეჯახება?“, – მიმართა პრეზიდენტმა დამსწრეებს და მათ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ძალისხმევაში ჩართვისკენ მოუწოდა.
უკრაინის ლიდერის თქმით, რუსეთი ომში 47 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს იყენებს.
„47 ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში მოტყუებითა და სხვადასხვა ხრიკით აღმოჩნდნენ. მინდა პირდაპირ მივმართო ამ 47 ქვეყნის თითოეულ წარმომადგენელს: თქვენ იცით, რას აკეთებს რუსეთი თქვენს ხალხთან, თქვენს მოქალაქეებთან. იზრუნეთ მათზე და არ დაუშვათ, რომ ისინი ომის სხვა ფრონტზე აღმოჩნდნენ. არ მისცეთ პუტინს საშუალება, ამ ომში ჩაგითრიოთ. არ მისცეთ რუსეთს საშუალება, თქვენი ხალხის სიცოცხლის ფასად მოაგვაროს საკუთარი პრობლემები, დამალოს საკუთარი სირცხვილი და გადაიხადოს საკუთარი სიგიჟის საფასური. შეზღუდეთ მისი მოქმედების შესაძლებლობები. შეზღუდეთ მისი ფინანსები. შეზღუდეთ მისი ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.




