გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქე, სოფელ გავაზის მიმდებარედ, მდინარე ალაზნის შესართავთან, მდინარე ბურსის კალაპოტში, თევზჭერას აკრძალული საშუალების - ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა.
სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ხრამულის სახეობის 10 კგ-მდე თევზი.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 8 თვეში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 213 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.









