აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საპატრიარქოს მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას უპასუხა.
საქართველოს საპატრიარქოს ბოლოდროინდელი განცხადება აზერბაიჯანში მდებარე ქურმუხის ეკლესიასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლობის ურთიერთობების სულისკვეთებას, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრომ აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებით მოხსენიება მიუღებელია.
„აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ქართული მხარის მსგავსი დამოკიდებულება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ, გაუგებარია საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რომელიც ტერიტორიულ პრეტენზიებს შეიცავს.
რელიგიურმა ორგანიზაციებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი პოზიციებისგან, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ისტორიულ ურთიერთობებს. ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, არ გაიმეოროს სომხური ეკლესიის მიდგომები ან არ მიჰყვეს მის მაგალითს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანული სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია“, - ნათქვამია კომენტარში.
ცნობისთვის, აზერბაიჯანი ქურმუხის ტაძარს ალბანური კულტურის ძეგლად განიხილავს.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




