საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე შეხვედრას, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ფარერების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ახალგაზრდულ გუნდს მიმდინარე შესარჩევ ციკლში მხოლოდ 4 ქულა აქვს მოპოვებული და მეოთხე ადგილზე იმყოფება. ფარერის კუნძულელებმა ქვეჯგუფში ერთადერთი დაპირისპირება მოიგეს და ისიც საქართველოსთან, თანაც სოლიდური ანგარიშით - 3:1.
საინტერესოა ისიც, რომ 21-წლამდელთა ნაკრებს ჯგუფში ყველაზე მეტი - 13 ბურთი აქვს გაშვებული და 6 გატანილი.
გია ცეცაძეს დღეს, ახალგაზრდული ნაკრების თავკაცის რანგში, პირველი ოფიციალური სადებიუტო შეხვედრა ელის, რომლის მოგების შემთხვევაში საქართველო მესამე ადგილამდე დაწინაურდება, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი ახალგაზრდულს უკვე დაკარგული აქვს.
ფარერების შემდეგ, ქართველები, 27 მარტს, ისევ გორში, დანიას დაუპირისპირდებიან.
შეხვედრა, გორში 19:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: სფფ