ისტ-რატერფორდში, „მეტლაიფზე“, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა დასრულდა.

„პარი სენ-ჟერმენის“ და „ჩელსის“ შეხვედრაში ლონდონელები 22-ე წუთზე კოულ პალმერის ზუსტი დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ, 30-ე წუთზე კი იმავე პალმერის გოლით  სრულიად მოულოდნელად უკვე 2 ბურთით გავიდნენ წინ.

პარიზელებმა თითქოს შეძლეს ბურთზე კონტროლის მოპოვება და წნეხის გაზრდა, მაგრამ 43-ე წუთზე ლონდონელებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და ამ შეხვედრაში აშკარად სუსტ ჯანლუიჯი დონარუმას ჟოაო პედრომ თავზე გადაუგდო ბურთი და ანგარიში 3:0 გახადა.  

კატარის სპორტის ინვესტიციების მფლობელობაში მყოფი „პარი სენ-ჟერმენის“ ისტორიაში მესამედ მოხდა, რომ პირველი ტაიმის 43-ე წუთისთვის პარიზელებმა სამი და მეტი გოლი გაუშვეს. წინა ორ შემთხვევაში, 2012 წელს „ლიონთან“ და 2020 წელს „ამიენთან“ პარიზელები მარცხს გადაურჩნენ და შეხვედრები 4:4 დაასრულეს. 

ამჯერად პარიზელებმა პრესტიჟი გოლის გატანაც კი ვერ შეძლეს და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 0:3 წააგეს გუნდთან, რომლის ფინალში გასვლასაც კი, ტურნირის დაწყებისას მხოლოდ მისი თავგადაკლული გულშემატკივრები თუ იწინასწარმეტყველებდნენ.

„პარი სენ-ჟერმენი“ - „ჩელსი" 0:3(0:3)
გოლები: 22' და 30' კოულ პალმერი 0:1 და 0:2, 43'ჟოაო პედრო 0:3
გაზევება: 84' ჟოაო ნევეში (პარი სენ-ჟერმენი, წითელი ბარათი)