ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, 13 დეკემბერს თბილისის ცირკში ჩატარდება საქართველოს აბსოლუტური ღია ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში. ამის შესახებ დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა განაცხადეს.

ტურნრში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი ფალავნები რუსეთიდან, აზერბაჯანიდან, სომხეთიდან, საფრანგეთიდან, რუმინეთიდან.
ფალავნობის მთლიანი საპრიზო ფონდია 100 000 ლარი. საქართველოს აბსოლუტური ფალავანი დაჯილდოვდება საცხოვრებელი ბინით (თბილისი, დიღომი) მე-2 ადგილზე გასული სპორტსმენი დაჯილდოვდება ავტომანქანა „მერსედესით“, ხოლო მე-3 ადგილოსანი 3000 ლარით.

წონით კატეგორიებში შეჯიბრი ოთხ წონაში გაიმართება -80 კგ, -90 კგ, -100 კგ, +100 კგ. წონით კატეგორიებში პირველ-მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიებით, 1 ადგილი - 3000 ლარი, მე-2 ადგილი - 2000 ლარი, მე-3 ადგილი - 1000 ლარი.

წონით კატეგორიებში გამარჯვებული სპორტსმენები განაგრძობენ ჭიდაობას საქართველოს აბსოლუტური ფალავნობისათვის. ფალავნობის ტურნირი 13 დეკემბერს 10:00 საათიდან დაიწყება, წონით კატეგორიებში ფინალები 15:00 საათიდან ჩატარდება, 17:00 საათიდან კი აბსოლუტური ფალავნობა გაიმართება.

ფალავნობის მხარდამჭერები ასევე არიან - მეღვინეობა ხარება, ზედაზენი, აქვა გეო და ჯავახავტოგზა.