27 აპრილს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში (მის: უნივერსიტეტის ქუჩა #15ა)  საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატეში გაიმართება. ჩემპიონატი 09:00 საათიდან დაიწყება და ორ დისციპლინაში – კატაში (ტექნიკის შესრულება) და ირიკუმიში (ორთაბრძოლა) ჩატარდება.

ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი  13:00 საათზე მოეწყობა, სადაც ფედერაციის მოწინავე სპორტსმენები  სპეციალურ სადემონსტრაციო გამოსვლებს წარმოადგენენ,  მათ შორის,  ბავშვებისა და მოზარდების შესრულებით. ჩემპიონატში 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს, როგორც თბილისიდან, ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან.

აღნიშნული ჩემპიონატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდებისთვის, რათა გააძლიერონ ტექნიკური გამოცდილება, მიიღონ მაღალი დონის ასპარეზობის შესაძლებლობა და მზადება გაიარონ საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის. საქართველოს ნაკრების წევრები აგრეთვე ემზადებიან ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც  9-12 მაისს, იტალიაში გაიმართება.

ჩემპიონატი საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის ორგანიზებით ეწყობა და ღონისძიების გენერალური სპონსორია – „ლექსუსი“.

ცნობისათვის,  გოჯუ-რიუ  ტრადიციული კარატის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც იაპონიის უკიდურეს სამხრეთ კუნძულ ოკინავადან მომდინარეობს. სიტყვა „გო“ ნიშნავს მაგარს, „ჯუ“ რბილს. გოჯუ-რიუ სწორად მაგარისა და რბილის სინთეზს მოისაზრებს. კარატეს ეს სახეობა გამოირჩევა ძლიერი დარტყმებით, ბლოკებით, სუნთქვის ტექნიკებით, ახლო მანძილზე ბრძოლის მანევრებით, რომელიც აგრეთვე მოიცავს ჭიდაობის ელემენტებს. გოჯუ-რიუს, როგორც საბრძოლო ხელოვნების მთავარი მიზანი და პრინციპია განავითაროს ფიზიკური და შინაგანი  პოტენციალი და მოიყვანოს ადამიანი ჰარმონიაში, როგორც საკუთარ თავთან, აგრეთვე გარემოსა და სამყაროსთან. გოჯუ-რიუ კარატე, საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის ხელმძღვანელობის ქვეშ ოფიციალურად 2011 წლიდან არსებობს, რომელიც წლიდან წლამდე ვითარდება და მუშაობს ახალგაზრდა საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით.