ტაილანდში დასრულდა ძალოსანთა შეჯიბრება მსოფლიო თასზე - პარიზის ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირზე
109 კგ წონით კატეგორიაში ორგზის ოლიმპიური და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონმა ოლიმპიური კვალიფიკაციის რეგლამენტით გაწერილი აუცილებელი მოთხოვნა შეასრულა - აწონვაზე გამოცხადდა და მაყურებლის და მსაჯების წინაშე წარდგა - შეჯიბრებაში მონაწილეობაზე კი უარი განაცხადა.
უპირობო ფავორიტის არყოფნაში პირველობა არავის დაუთმო, ოფიციალურ შეჯიბრებებში ნაჩვენები თავის საუკეთესო შედეგი 1 კგ-ით გაუმჯობესა და ლაშა ტალახაძის საუკეთესო მაჩვენებელთან ჩამორჩენა 11 კგ-მდე დაიყვანა სომეხმა ძალოსანმა ვარაზდატ ლალაიანმა.
მან ატაცში მეორე მისვლაზე 210 კგ დასძლია, 215 კგ-ს კი ვერ მოერია. აკვრაში ლალაიანმა ასევე მეორე მისვლისას 253 კგ დააფიქსირა, მესამე ცდა კი აღარ გამოიყენა.
მეორე ადგილი ირანელმა ალი დაუდმა დაიკავა. მან 202 კგ აიტაცა და 252 კგ აკრა, რის შემდეგაც მესამე ცდა აღარ გამოიყენა.
ტაილანდში მსაჯთა წინაშე წარმდგარ 11 სპორტსმენს შორის არ იყო 464 კგ შედეგით სალიცენზიო რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი ბრუნეელი ტიგრან მინასიანი. საკვალიფიკაციო რეგლამენტის თანახმად, 2023 წლის სექტემბრის მსოფლიო ჩემპიონატის ან ტაილანდში დასრულებულ მსოფლიო თასზე მონაწილეობა აუცილებელი პირობაა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად და რომელიმე მათგანის გამოტოვება დასაშვებია, მხოლოდ უნივერსალური კვოტის მიღების ან ასპარეზობის განსაკუთრებული გარემოებების გამოტოვების შემთხვევაში. ამ დროისთვის უცნობია, რამდენად არის დაკმაყოფილებული ეს მოთხოვნა ტიგრან მინასიანთან მიმართებით.
პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველ ძალოსან კაცებს დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა აქვთ მოპოვებული და 24 აპრილს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ოფიციალურად დაასახელებს შოთა მიშველაძეს, ირაკლი ჩხეიძეს და ლაშა ტალახაძეს ოლიმპიელ ძალოსნებად, ქალთა შორის კი შესაძლოა ლიცენზია ანასტასია გოტფირდმა მიიღოს. იგი სარეიტინგო სიაში მეთოთხმეტე ადგილზეა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მე-6 ადგილზე მყოფი ნორვეგიელი 81 კგ წონაშიც ფლობს ლიცენზიას და იქ მესამეა, სამი დარჩენილი ლიცენზიიდან ერთ-ერთის მოპოვების შანსი აქვს. მისი კონკურენტები დომინიკანელი, ლტოლვილთა გუნდელი ირანელი და უზბეკი ძალოსნები არიან.