„გონება და სხეული, როგორც ერთი…“ - ასეთ ფილოსოფიას ემყარება იაპონური გოჯუ-რიუ კარატე, საბრძოლო სახეობა საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება. 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები კი, სპორტის მიმართ ინტერესს კიდევ მეტად ზრდის. რამდენიმე დღის წინ, ქართული დელეგაცია სამშობლოში ისტორიული ტრიუმფით - 5 ოქრო და 4 ვერცხლის მედლით დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ 11-12 მაისს, პოლონეთში, ქალაქ შჩეჩინში ჩატარდა გოჯუ-რიუ კარატეს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 18 ქვეყანა და 420 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატზე საქართველოდან 9 სპორტსმენმა იასპარეზა. ქვეყნის შედეგებით, საქართველო საერთო მესამე ადგილზე გავიდა.
სპორტის ამ უნიკალურ სახეობაზე, განვლილ ტურნირებსა და ზოგადად ფედერაციის სამომვალო გეგმებზე გვესაუბრება საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დოს ფედერაციის ადმინისტრაციული დირექტორი, ნატალი ბიძინაშვილი. მნიშვნელოვანია, რომ იგი აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის სხვა წარმომადგენელთნ ერთად მსაჯობდა.
რა სახის სპორტია იაპონური გოჯუ-რიუ კარატე და კლასიკური გაგებით კარატისგან რა განასხვავებს ?
გოჯუ-რიუ ტრადიციული კარატის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც იაპონიის უკიდურეს სამხრეთ კუნძულ ოკინავადან მომდინარეობს. სიტყვა „გო“ ნიშნავს მაგარს, „ჯუ“ რბილს. გოჯუ-რიუ სწორად მაგარისა და რბილის სინთეზს მოისაზრებს. კარატეს ეს სახეობა გამოირჩევა ძლიერი დარტყმებით, ბლოკებით, სუნთქვის ტექნიკებით, ახლო მანძილზე ბრძოლის მანევრებით, რომელიც აგრეთვე მოიცავს ჭიდაობის ელემენტებს. გოჯუ-რიუს, როგორც საბრძოლო ხელოვნების მთავარი მიზანი და პრინციპია განგვივითაროს ფიზიკური და შინაგანი პოტენციალი და მოვიდეთ ჰარმონიაში როგორც საკუთარ თავთან, აგრეთვე გარემოსა და სამყაროსთან. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ხდის ამ სტილს უნიკალურს.
აღნიშნული სპორტი იაპონურ ტრადიციებზეა დაფუძნებული. არსებობს თუ არა რაიმე რიტუალები, მაგალითად, ტრადიციული მისალმება ან მარცხის დროს მოწინააღმდეგის პატივისცემა და ა.შ ?
როგორც აღვნიშნეთ, კარატეს დაბადების ადგილი კუნძული ოკინავაა, რომელიც იაპონიის უკიდურეს სამხრეთით მდებარეობს. იაპონური კულტურა, მოგეხსენებათ, ძალიან სიღრმისეულია, რომლის დიდი ნაწილი დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე. კარატეშიც, დოჯოში შემოსვლა იქნება, მისალმება, თუ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა, ყოველთვის ვიწყებთ პატივისცემით, რასაც „რეი“-თ გამოვხატავთ. რეი არის ქედის მოხრა, რომელიც პატივისცემის, მისალმების, მადლიერების საერთო ჟესტია. ბრძოლის დასრულებისასაც, მნიშვნელობა არ აქვს გაიმარჯვე, თუ დამარცხდი - რეით გამოვხატავთ მადლიერებას ერთმანეთის გაძლიერებისთვის.
რა ფილოსოფიას ემყარება გოჯუ-რიუ კარატე და რამდენად ბმაშია იგი მენტალობასთან ?
„გონება და სხეული, როგორც ერთი“ - ბუშიდოს ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. ეს გულისხმობს იმას, რომ როგორც სხეულს სჭირდება ვარჯიში, განვითარება და გამოთლა, ასევე სჭირდება გონებასაც. მოვიშველიებ, მე-17 საუკუნის ფილოსოფოსისა და რონინ-სამურაის, მიამოტო მუსაშის სიტყვებს. მას მიაჩნდა, რომ ჭეშმარიტი ოსტატობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც სხეული, გონება და ცნობიერება ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული. ამის მიღწევა კი ვარჯიშით, ცხოვრების დისციპლინით, გონებისა და სხეულის გამოძერწვით არის შესაძლებელი.
როდის დაფუძნდა საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დო-ს ფედერაცია და რა გზა განვლო ?
გოჯუ-რიუ კარატე საქართველოში 90-იანების დასაწყისში შემოვიდა. 2011 წლიდან კი ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელობის ქვეშაა. აქტიურად ვართ ჩართულები IOGKF International-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ყოველწლიურად ვმონაწილეობთ საერთაშორისო სემინარებში, რაც კვალიფიკაციის ამაღლების საუკეთესო გზაა. ამასთანავე, საქართველოში არა ერთხელ გვწვევია ორგანიზაციის შეფ-ინსტრუქტორი, სენსეი ნაკამურა. მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ საქართველოს ფედერაციის შეფ-ინსტრუქტორი, ლევან როგავა გასული წლის ოქტომბერში მიწვეული იყო ტაილანდში, აზიის სემინარის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუქტორად. მსგავსი ღონისძიებები, სამომავლოდაც არის დაგეგმილი.
რა ასაკიდან არის შესაძლებელი გოჯუ-რიუ კარატის ტექნიკის დაუფლება?
ჩვენთან, ნებისმიერ მსურველს, 5 წლის ასაკიდან შეუძლია ვარჯიშის დაწყება. ხშირად არის ხოლმე, როდესაც მშობელს ბავშვი მოჰყავს, შემდეგ კი, თვითონაც გვიერთდება სავარჯიშოდ. ამ ყველაფრით, ძალიან საინტერესო, ჯანსაღი და ახალი ურთიერთობა იქმნება მშობელსა და ბავშვს შორის, მათ დამოკიდებულებას მეტ მოტივაციას აძლევს და კიდევ უფრო აძლიერებს.
რამდენად დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს სპორტის ეს სახეობა?
ზოგადად, გოჯუ-რიუ, თავისი სტილიდან გამომდინარე დახუნძლულია ბევრი ტექნიკით, იქნება ეს ხელისა და ფეხის დარტყმების საბაზისო ტექნიკა, ბლოკები, თუ სხვადასხვა კატა. შემიძლია ვთქვა, დატვირთვა დიდია, თუმცა ვარჯიშის ტემპი და სირთულე ბუნებრივად მიჰყვება მოვარჯიშის განვითარებას. შესაბამისად, ვფიქრობ, პროცესიც ძალიან საინტერესოა.
გაქვთ თუ არა მოყვარულთა წრე ? არის თუ არა შესაძლებლობა ამ სპორტში ჩაერთოს მოყვარული ადამიანი და დაეუფლოს ბრძოლის ტექნიკას სამოყვარულო დონეზე ?
დიახ, რა თქმა უნდა. მოვარჯიშეთა უმეტესობა მოყვარულია. ჩვენი დოჯოდან ყოველწლიურად ხდებიან საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები. თუმცა, ამასთან ერთად, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაა. ცხოვრებისეული დისციპლინა, პასუხისმგებლობები, სიძლიერე, სიმშვიდე, პატივისცემა და მიზანდასახულობა - ეს ძალიან მცირეა იმ ჩამონათვალისაგან, რის განვითარებასაც ჩვენს მოსწავლეებში ვცდილობთ. ამის დიდ შედეგსაც ვხედავთ, რაც ძალიან გვახარებს.
რა ტიპის პერსპექტივა არსებობს ჩვენს ქვეყანაში გოჯუ-რიუ კარატეში ჩაბმული სპორტსმენებისთვის?
ამ კითხვას ორი სხვადასხვა პასუხი შეიძლება ჰქონდეს: ერთია სპორტული კარიერა და მეორეა - ჯანსაღი ცხოვრების გზა. კარატე დო-ს, როგორც ცხოვრების ჯანსაღ წესს, ვფიქრობ, ასაკის შეზღუდვა არ გააჩნია. იმაში დაგეთანხმებით, რომ ახალგაზრდა სხეულს შეიძლება ფიზიკური რესურსი სხვა ჰქონდეს, თუმცა გოჯუ-რიუს კიჰონ (საბაზისო) ტექნიკა იქნება, თუ კატები - იმდენად მრავლისმომცველია, რომ მათი დახვეწისა და განვითარების ამოწურვა შეუძლებელია. შესაბამისად, საკუთარ თავზე მუშაობის გზა ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. იაპონიაში, ოკინავაზე გვყავს 85 წლის და უფროსი სენსეები, რომლებიც დღემდე, ყოველდღიურად ვარჯიშობენ. დამიჯერეთ, მათი შემხედვარე, ვერ იტყვით, რომ რაიმე ენერგია აკლიათ.
როგორც ცნობილია, წელს, მსოფლიო ჩემპიონატიდან 9 მედლით დაბრუნდა ქართული დელეგაცია. როგორ შეაფასებდით მთლიანად ტურნირს? რამდენად კმაყოფილი არის ფედერაცია დაფიქსირებული შედეგით?
როგორც ახსენეთ, გოჯუ-რიუს მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოდან 9 სპორტსმენმა იასპარეზა. პოლონეთიდან დავბრუნდით 5 ოქროსა და 4 ვერცხლის მედლით, რაც ნამდვილად ძალიან კარგი და გასახარი შედეგია. ჩემპიონატში ჯამში 18-მა ქვეყანამ, და 420 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყნის შედეგებით, საქართველო მე-3 ადგილზე გავიდა. ეს შედეგი ნამდვილად სასიხარულოა, თუმცა ამით არ სრულდება ჩვენი წინსვლა და მივისწრაფით მეტი განვითარებისკენ.
ზოგადად რამდენად არის მომატებული როგორც სხვა ქვეყნების, ასევე ქართველი სპორტსმენების დონე ამ სპორტში?
ინტერესი საკმაოდ დიდია და დღითიდღე მატულობს. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი იგებს, თუ რამხელა სარგებელი შეიძლება მოიტანოს გოჯუ-რიუში ვარჯიშმა. თუმცა, შეზღუდული ადგილების გამო ყოველთვის ვერ ვახერხებთ ახალი მსურველის მიღებას.
მერამდენედ იღებს საქართველო აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ?
ჩვენი ფედერაცია ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატებზე. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ არც ერთი ჩემპიონატიდან მედლის გარეშე არ დავბრუნებულვართ.
რამდენად მნიშვნელოვანია შიდა საშეჯიბრო გამოცდილება საერთაშორისო ტურნირებზე ?
ძალიან საინტერესო და კარგი შეკითხვაა. ნამდვილად, დიდი მნიშვნელობა აქვს შიდა გამოცდილებას. ჩვენი ფედერაცია ყოველწლიურად ატარებს როგორც დახურულ, ასევე ღია ჩემპიონატებს. გვაქვს ყოველწლიური საქართველოს თასი და საქართველოს ჩემპიონატი. ამასთანავე, ყოველ თვე ტარდება „დოჯო ჩელენჯი“, სადაც ჩვენი მოსწავლეები საბრძოლო გამოცდილებას იღებენ და ეჩვევიან ბრძოლისა და საასპარეზო გარემოს, რაც საწყის ეტაპზე, საკმაოდ სტრესული შეიძლება იყოს.
დღეს არსებული ტენდენციით საქართველოში დღითიდღე მატულობს კონტაქტური სპორტების მიმართ დაინტერესება. ამ მხრივ, აქვს თუ არა ფედერაციას კონკრეტული ხედვა და გეგმები ?
ჩვენი მთავარი მიზანია ვიყოთ სივრცე, რომელიც ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას, ჩამოყალიბდნენ უფრო ძლიერ და ჯანსაღ ინდივიდებად. აქედან გამომდინარე, როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, გაჩნდა ჩვენი დოჯოს გაფართოების სურვილი, რომელსაც ხორცი ესხმევა „გოჯუ-რიუ აკადემიის“ სახით. ლისის ტბის მიმდებარედ, შენდება გოჯუ-რიუს აკადემია, რომელიც საშუალებას მოგვცემს გოჯუ-რიუს სწავლება გავხადოთ ფართომასშტაბიანი, სადაც კიდევ უფრო მეტ მსურველს ექნება მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობა. აკადემიის შენობის პროექტი, იაპონური სტილის კომპლექსია, რომლის მსგავსი არა მხოლოდ საქართველოშია უნიკალური, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამ პროექტს, კიდევ უფრო უნიკალურსა და განსხვავებულს ის ფაქტორი ქმნის, რომ მისი მშენებლობა საზოგადოების დახმარებით მიმდინარეობს. ბუნებისა და სიმწვანის შერწყმულ გარემოში, კვალიფიცირებულ სენსეებსა და ინსტრუქტორებთან, ნებისმიერი ასაკის მსურველს ექნება საშუალება მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში დაეუფლოს საბრძოლო ხელოვნებას.