ქართველი სუმოისტი, ლევან ცაგურია (კოკაი), ოპერის მომღერლის, თამარ ივერის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მას დიდი სურვილი ჰქონდა საკუთარი ძალა, ენერგია, რესურსი და გამოცდილება ქართული სუმოს განვითარებისთვის დაეხარჯა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა.

"მოგესალმებით ყველას.  უპირველეს ყოვლისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენთაგანს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობდი ჩემი სპორტული კარიერის განმავლობაში. 

რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა. ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება უნიჭიერესი მომღერლისა და უბრალოდ თავისი ქვეყნის პატრიოტი ადამიანის, თამარ ივერის პოსტი, სადაც მან თავისი აზრი დააფიქსირა სუმოს ფედერაციასთან დაკავშირებით. 

შეუძლებელია გულგრილი ვიყო იმ საკითხების მიმართ, რაც სუმოსა და ზოგადად სუმოს ფედერაციას ეხება. ნამდვილად ვიყავი დაინტერესებული და მქონდა სურვილი მეტად განმევითარებინა ფედერაციაც და სპორტის ეს სახეობაც საქართველოში...

აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ სიამოვნებით დავხარჯავ ჩემს ენერგიას, რესურსსა და გამოცდილებას სუმოს, ამ დიდი ტრადიციების მატარებელი სპორტის აღორძინებისა და პოპულარიზაციისთვის ჩვენს ქვეყანაში, თუკი ამის საშუალება მომეცემა.

მინდა ასევე გამოვეხმაურო ერთ-ერთ კომენტარს, სადაც დაიწერა, რომ თითქოსდა მე სუმოს ფედერაცია დამეხმარა იაპონიაში წასვლაში... ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს! მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ იაპონიაში მივაღწიე ისეთ შედეგებს, რამაც ჩვენი ქვეყანა ასახელა და ჩემმა მოღვაწეობამ სუმოში საქართველო მილიონობით იაპონელს გააცნო. ღიად მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც მე მაშინ ამ ყველაფერში გვერდით დამიდგა, არის ლევან ებანოიძე (პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი სუმოში მოყვარულებს შორის)! პატივისცემით, ლევან ცაგურია", - ნათქვამია კოკაის განცხადებაში.

ლევან ცაგურიას განცხადებას, თავის მხრივ გამოეხმაურა ქართული სუმოს ქომაგების ჯგუფი, რომლებიც აცხადებენ, რომ კოკაის არგამოყენება საქართველოში სუმოს განვითარებისთვის, სირცხვილი და დანაშაულია. სუმოს გულშემატკივრები ცაგურიას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

"სუმოს გულშემატკივართა წრეში ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია ქართული სუმოს ფუძემდებლისა და პიონერის, ლევან ცაგურიას (კოკაის) განცხადებამ, რომელიც დღეს თავად კოკკაიმ სოც. ქსელში გაავრცელა. 

აღნიშნულ საკითხზე გვინდა ჩვენი, როგორც ქართული სუმოს ქომაგთა ჯგუფის აზრი და პოზიცია დავაფიქსიროთ, რომელზეც ერთხმად ვჯერდებით ყველანი:
გყავდეს საქართველოში ისეთი სახელოვანი სუმოისტი, როგორიც არის კოკკაი, და მისი რესურსი არ ხმარდებოდეს ქართული სუმოს სამსახურს და ამ სპორტის განვითარებას ქვეყანაში, როგორც მინიმუმ არის სირცხვილი, თუ არა დანაშაული!!! 

ეს არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ძალა და ენერგია ამ სპორტს შეალია და თავისი შრომით, თავისი თავდადებითა და უდიდესი მიღწევებით სახელი გაუთქვა იაპონიაში ჩვენს ქვეყანას!

ჩვენთან კი რატომღაც დღეს იგი უარყოფილია და არ ეძლევა საშუალება, თავისი დიდი ცოდნა და გამოცდილება ამ სპორტს მოახმაროს...
როგორც ნათქვამია, პური მეპურემ უნდა აცხოს, სუმოს ოჯახს კი სუმოისტმა უთავკაცოს! 

ამიტომ, სრული მხარდაჭერა ჩვენგან ლევან ცაგურიას". - ნათქვამია სუმოს ქართველი ქომაგების განცხადებაში.

რაც შეეხება თამარ ივერს, საოპერო მომღერალმა სოციალურ ქსელში საჯაროდ გააკრიტიკა საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაცია და აღნიშნა, რომ იქ მორაგბეები და მოჭიდავეები მუშაობენ და პროფესიონალ ადამიანებს, კონკრეტულად კი ლევან ცაგურიას არ ეძლევა საშუალება საკუთარი გამოცდილება იმ სფეროს მოახმაროს, რომლის გამოც იაპონიაში ყოველგვარი პატივი დათმო და სამშობლოში დაბრუნდა.