„ხეტაფემ“ ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი დაიმატა. ფეხბურთელი „სპორტინგიდან“ ჩამოვიდა და უკვე „ხეტაფესთან“ ერთად იმყოფება, სადაც ხუთშაბათს სტადიონსა და თანაგუნდელებს შეხვდა, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
„ქართველი ფეხბურთელი მადრიდის კლუბში იჯარის წესით ითამაშებს, 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გამოსყიდვის ოფციით. ქოჩორაშვილი ნახევარდაცვას გააძლიერებს – პოზიციას, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს შევსებას ლუის მილას და მაურო არამბარის წასვლის შემდეგ.
კლუბი უახლოეს საათებში გამოაცხადებს ქართველის დამატებას. ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ სათადარიგოთა გუნდს 2019/2020 წლების სეზონში შეუერთდა და მას შემდეგ ხუთი სეზონი ამ გუნდში გაატარა, მცირე დროით იჯარით „კასტელონში“ ითამაშა.
გასულ სეზონში მან „სპორტინგთან“ კონტრაქტი გააფორმა, სადაც 18 მატჩი ჩაატარა“, – წერს ესპანური გამოცემა.




