მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად 25 სექტემბერს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუხუცესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ - მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე “ჭყონდიდობა” აღინიშნება.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიასთან, მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარესთან ელდარ თოდუასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი და მოზაიკური ფრესკა ყვავილებით შეამკო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა.
ჭყონდიდლობასთან დაკავშირებით მარტვილში მთელი დღის განმავლობაში გასართობი და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობდა.
დღესასწაულს საქართველოს ვიცე-პრემიერი/თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. დღესასწაულთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები სტუმრობდნენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიამ და მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარემ ელდარ თოდუამ საპატიო მარტვილელის წოდება 9 ღვაწლმოსილ მოქალაქეს მიანიჭეს.
მარტვილის ცენტრში მთავარ სცენაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში, მსურველებს შესაძლებლობა ქონდათ დაეთვალიერებინათ კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები, ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ხელთნაკეთი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული ნატურალური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა სპორტული ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და სკოლამდელი დაწესებულებების ცენტრის წარმომადგენლებმა მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს, სადაც დამთვალიერებელს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლო.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მოწყობილ სცენაზე მუნიციპალური ანსამბლ „მარტვილის“ კონცერტი გაიმართა. მარტვილის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზაზე საფეხბურთო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის მონაწილეები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ნაჭყებიამ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ილია ინჯიამ დააჯილდოვეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში ჭყონდიობის აღნიშვნა ჯგუფი „Goofy Land-ის“ კონცერტით დასრულდა.









