ავსტრიაში საფეხბურთო ჩემპიონატის 2025-2026 წლების სეზონი დასრულდა.
ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურის წინ ჩემპიონობის მოპოვების შანსს ლინცის „ლასკი“ და გრაცერის „შტურმი“ ინარჩუნებდნენ.
ლინცელებს, რომლებიც ჩემპიონები ბოლოს 1965 წელს იყვნენ, „აუსტრიასთან“ გასვლით შეხვედრაში ფრე ჰყოფნიდათ, ოთარ კიტეიშვილის და გიზო მამაგეიშვილის „შტურმს“ კი ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მესამედ მოპოვებისთვის „ლასკის“ წაგებასთან ერთად „ვენის „რაპიდთან“ გამარჯვება ესაჭიროებოდა. თავის მხრივ, დედაქალაქის ორივე კლუბს მესამე ან მეოთხე ადგილის დასაკავებლად და ევროპა ლიგაზე მოსახვედრად ესაჭიროებოდათ ქულები.
მატჩის დაწყების წინ გამართულ გუნდის შეკრებაზე, სადაც ფეხბურთელები მწვრთნელისგან ბოლო დარიგებებს იღებენ, უცნობი მიზეზით, სულ რაღა ერთი წუთით დაიგვიანა მისვლა „შტურმის“ ქართველმა ფეხბურთელმა, გიზო მამაგეიშვილმა. მან დაგვიანების გამო ბოდიში მოიხადა, მაგრამ მწვრთნელი ფაბიო ინგოლიჩი შეუვალი აღმოჩნდა: მან მამაგეიშვილი სასტარტო შემადგენლობიდან ამორიცხა..
„ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გზას და დისციპლინა უბრალოდ მისი ნაწილია. მან მიიღო გადაწყვეტილება და გუნდს ბოდიში მოუხადა“, - განმარტა „შტურმის“ მწვრთნელმა ინგოლიჩმა სასტარტო შემადგენლობაში გიზო მამაგეიშვილის ნაცვლად მორის მელოუნის დაყენების შემდეგ.
გიზო მამაგეიშვილი მინდორზე 62-ე წუთზე გამოჩნდა, 88-ე წუთზე კი მან ანგარიში გახსნა.
შეხვედრა „შტურმმა“ 2:0 მოიგო“. თუმცა, „ლასკმა“ ვენაში „აუსტრიასთან“ მატჩი ასევე თავის სასარგებლოდ დაასრულა და ავსტრიის ბუნდესლიგის 2025-2026 წლების სეზონის გამარჯვებული გუნდი გახდა.




