ჩვენი დელეგაციის აქ ყოფნა არის თვალსაჩინო ნიშანი იმ საკვრელისა, რომელიც აერთიანებს კონსტანტინოპოლის დედაეკლესიას და საქართველოს ეკლესიას, ადასტურებს ჩვენს ერთობასა და სარწმუნეობის ერთიანობას, – ამის შესახებ მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსმა, ნიკიტამ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს მიმართა, რომ „ეკლესიის მიერ მისთვის მინდობილი კვერთხითა და განსვენებული სულიერი მამის სიყვარულის მანტიით შემოსილმა, სიმამაცითა და მტკიცე ნებით უწინამძღვროს სამწყსოს, სრულიად საქართველოს“.
„უწმინდესო და უნეტარესო შიო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტე აღდგა! მაქვს პატივი და სიხარული, მოგმართოთ, როგორც მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის წარმომადგენელმა, ამ პირველ საპატრიარქო ლიტურგიასთან დაკავშირებით. ჩვენი დელეგაციის აქ ყოფნა არის თვალსაჩინო ნიშანი იმ საკვრელისა, რომელიც აერთიანებს კონსტანტინოპოლის დედაეკლესიასა და საქართველოს ეკლესიას, ადასტურებს ჩვენს ერთობასა და სარწმუნეობის ერთიანობას, როგორც ერთ წმინდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას, რომელიც, მართალია, სხვადასხვა ადგილას მოღვაწეობს, მაგრამ ამავე დროს არის ერთი და განუყოფელი.
თქვენი არჩევა და აღსაყდრება მოხდა მას შემდეგ, რაც მარადისობას შეუერთდა თქვენი საყვარელი სულიერი მამა, უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც, როგორც დიდმა წინასწარმეტყველმა ელიამ, როდესაც ცეცხლოვანი ეტლით ზეცად ამაღლდა, თავისი ხალენი დაუტოვა თავის მოწაფესა და სულიერ შვილს, ელისეს, ასევე მან, განსვენებულმა პატრიარქმა ილია მეორემ თქვენ გიბოძათ თავისი საპატრიარქო მანტია და კვერთხი, რათა გამწყსოთ სამწყსო, რომელიც ეკლესიამ თქვენს მზრუნველობას მიანდო.
როგორც განსვენებული დიდი კათოლიკოსი, თქვენც მოწოდებული ბრძანდებით, იქადაგოთ ჭეშმარიტება თქვენდამი რწმუნებული სამწყსოს მიმართ, თქვენს გულზე ამოტვიფრული ხალხის მიმართ, როგორც მოძღვარმა. პატრიარქი ილია მეორე მთელ საქართველოში ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობდა. თქვენც უნდა აღაშენოთ და განავითაროთ მტკიცე კავშირები და ურთიერთობები ამ ღირსეული ქვეყნის ხალხთან, რადგან საქართველოსაც და მთელ მსოფლიოსაც სჭირდება სულიერი წინამძღოლები, რომლებიც მორწმუნეებს ზეციური სამეფოსკენ უწინამძღვრებენ.
როგორც თავად უწყით, თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე სამყაროში, სამყაროში, რომელიც დაყოფილია, სავსეა კონფლიქტებით, ომებითა და დაბნეულობით, თუმცა ჩვენ, ვინც ღმერთს ვემსახურებით, მოწოდებულნი ვართ, ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი, განსაკუთრებით ამ მღელვარე დროში, რადგან ჩვენ ვქადაგებთ სიყვარულის გზას, როგორც ამას ხალხთა მოციქული, წმინდა პავლე გვასწავლის: „ესწრაფეთ სიყვარულს“.
ეკლესიის მიერ თქვენთვის მონდობილი კვერთხითა და თქვენი განსვენებული სულიერი მამის სიყვარულის მანტიით შემოსილმა, სიმამაცით და მტკიცე ნებით უწინამძღვრეთ და დამწყსეთ თქვენდამი რწმუნებული სამწყსო, სრულიად საქართველო. გწამდეთ, რომ თქვენთან არის მისი ყოვლადუწმინდესობის, პატრიარქ ბართლომეოსის ძმური სიყვარული და ლოცვები. მისი ყოვლადუწმინდესობისა და ქრისტეს დიდი ეკლესიის სახელით, თქვენო უწმინდესობავ, ჩვენი დელეგაცია სიხარულით გეხვევათ, წარმოვთქვამთ რა იმ სიტყვებს, რაც წმინდა წერილშია: „ვიყვარებოდეთ ურთიერთარს“. დაე, ერთად ვიღვაწოთ უფლის ვენახში მისი სახელის სადიდებლად. ქრისტე აღდგა, აქსიოს, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!“ – მიმართა მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა საქართველოს პატრიარქს, შიო მესამეს.




