საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი მერებაშვილი მიიჩნევს, რომ მის მიერ, მოლდოვას კარში გატანილმა პირველმა გოლმა, ნაკრების ფეხბურთელების მოტივაცია დაუბრუნა და სწორედ ამის შემდეგ შეძლო გუნდმა თამაშის შემოტრიალება.

გიორგი მერებაშვილმა, კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა.

„პირველ ტაიმში ცოტა მძიმედ გამოვიყურებოდით. რატომღაც, ჩვენი თავის არ გვჯეროდა. თუმცა, საბედნიეროდ, მეორე ტაიმში, 2:0-ის შემდეგ, მოვახერხეთ თამაშის შემოტრიალება. შეიძლებოდა, მოგვეგო კიდეც. გვქონდა მომენტები, თუმცა, საბოლოო ჯამში, ფრე - 2:2, ლოგიკური შედეგი იყო. ნამდვილად არ ვიმსახურებდით წაგებას. დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ 2:0-ის შემდეგ, რთული იყო მოგებაზე ფიქრი. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელმა მაქსიმალური გააკეთა, რომ თამაში არ წაგვეგო და გადაგვერჩინა.

ვუყურეთ მოლდოვას თამაშს. შევისწავლეთ მათი მინუსები. ფლანგებიდან არ ჰყავდათ ძლიერი მცველები. ამაზე ავაწყეთ უფრო თამაში. აქედან გამომდინარე დააყენა 5 მცველი, ის ორი მცველი ფლანგებზე, გარემარბები, შეტევაში უფრო ხშირად უნდა ჩართულიყვნენ და უფრო აქტიურები უნდა ყოფილიყვნენ. გამოჩნდა, რომ პირველ ტაიმში, ვერ ვიტყვი, რომ არ გაამართლა, უფრო არ წავიდა ისეთი თამაში, რომ ეს ტაქტიკა გამართლებულად ჩაგვეთვალა. საბედნიეროდ, გადავეწყვეთ და შემოვატრიალეთ თამაში.

1:0-ის შემდეგ, თითოეული ფეხბურთელი ვფიქრობდით, რომ ერთი გოლი გადამწყვეტი იქნებოდა და თამაშს შემოატრიალებდა. სამწუხაროდ, შემდეგ მეორეც გავუშვით, მაგრამ, პირადად მე, მჯეროდა, რომ ერთი გოლი ხასიათზე მოგვიყვანდა. საბედნიეროდ, გავიტანე გოლი. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს მეტი მოტივაცია გაუჩნდათ. პირველი გოლი გადამწყვეტი იყო, რომ შემდეგ მეორეზეც გვეფიქრა და მოგებაზეც“, - განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

ნახევარმცველი, მოლდოვასთან შეხვედრაში მინდორზე 64-ე წუთზე გამოჩნდა, 66-ე წუთზე კი, ეროვნული გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და სხვაობის შემცირება შეძლო. ამ ეპიზოდიდან 4 წუთში, ვაკო ყაზაიშვილმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა.