„დილა“ ლიდერობას ინარჩუნებს - იმერულ-დედაქალაქური 0:4

1595793218
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 1“-ის მე-7 ტურმა დედაქალაქური გუნდების დომინაციით ჩაიარა. ჩემპიონატის ორი ფავორიტი - „საბურთალო“ და „დინამო“ იმერეთს ესტუმრნენ და ძალზე წარმატებითაც: „საბურთალომ“ სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო პრობლემებმოძალებულ „ტორპედოს“ ქუთაისში, რამაზ შენგელიას არენაზე შანსი არ დაუტოვა და 4 უპასუხო გოლი გაუტანა, ერთი დღის და 20 კილომეტრის დაშორებით, სამტრედიაში ზუსტად იგივე შედეგი დააფიქსირა საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმაც. ტური კი მთელი პირველი წრის ცენტრალური შეხვედრით დასრულდა, რომელშიც გორის „დილამ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა.
ქუთაისის „ტორპედოს“ მეპატრონის და ვალების გასტუმრების საკითხი საბოლოოდ ჯერ ვერ დალაგდა. იტალიელი ინვესტორი, ფაბიო მანინი კი ასრულებს დანაპირებს და გუნდს აფინანსებს, თუმცა, პანდემიამ ბიზნესმენს საქართველოში ჩამოსვლასა და გუნდის იურიდიულ გადაფორმებაში ხელი შეუშალა, რაც არის კიდეც ვითარების მოუგვარებლობის მთავარი მიზეზი. ამ პრობლემის გამო გუნდი სეზონის დასაწყისში პრაქტიკულად მთლიანად დაიშალა და მისი ფორმირება ახალ მთავარ მწვრთნელს, მიხეილ აშვეთიას პრაქტიკულად ნულიდან უწევს. ვითარების მიუხედავად, ქუთათურები ასე თუ ისე ახერხებენ ქულების დაგროვებას და მე-5 ტურში თვით თბილისის „დინამოც“ კი მხოლოდ ქულით გაუშვეს მოედნიდან, მაგრამ ანალოგიურ წარმატებას „საბურთალოსთან“ ვეღარ მიაღწიეს. მატჩის ბედის გადამწყვეტი ეპიზოდი დებიუტშივე, მე=11 წუთზე დადგა, როცა კარის ხაზზე მასპინძელთა მცველმა, გურამ ადამაძემ ბურთის მოგერიება მხრით სცადა, მაგრამ ხელიც მიაშველა და მსაჯმა სამართლიანი, მაგრამ მძიმე სასჯელი არგუნა. ადამაძე მოედნიდან გააძევეს და დაინიშნა პენალტი, რომელიც მარგველაშვილმა გოლად გარდასახა. 10 კაცით დარჩენილმა იმერულმა კლუბმა ჯეროვანი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია ექსჩემპიონს და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
დებიუტშივე გაირკვა გამარჯვებულის ვინაობა „სამტრედია“- „დინამო“ თბილისის დაპირისპირებაშიც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მოედნიდან არავინ გაუძევებიათ. მასპინძლებმა თამაში თითქოს საკმაოდ რიგიანად დაიწყეს და გარკვეულ ინიციატივასაც ფლობდნენ, მაგრამ „სამტრედიის“ დაცვის ხაზი მე-17-დან 22-ე წუთამდე აშკარად „ჩავარდა“ და ამ ხუთწუთიან მომნაკვეთში 3(!) გოლი მიიღო. თავი გამოიჩინეს ქავთარაძემ, პერნამბუკომ და კაპანაძემ. მოქმედი ჩემპიონის ამ წარმატებამ დამთრგუნველად იმოქმედა მასპინძლებზე, რომლებიც დარჩენილ დროში ისეთი ენთუზიაზმით აღარ უტევდნენ და სტუმრებს დიდი პრობლემები ნამდვილად ვერ შეუქმნეს. შეხვედრის მეორე ნახევარში კიდევ ერთი გოლი გავიდა, ისევ „სამტრედიელების“ კარის ბადე შეირხა - „დუბლი“ მიითვალა ქავთარაძემ.
პირველი წრის მთავარ შეხვედრას კი თენგიზ ბურჯანაძის არენამ უმასპინძლა, რომელიც გაცილებით თანაბარ და უშეღავათო ორთაბრძოლაში წარიმართა. ზოგადადაც, გორის :დილას“ და ბათუმის „დინამოს“ დაპირისპირებები პირველ რიგში სწორედ უკომპრომისობის ნიშნით გამოირჩევა, რისი დასტურიც თუნდაც გასული სეზონია. 2019 წლის ჩემპიონატში ეს გუნდები 4 ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ ამოცანებს წყვეტდნენ (ბათუმი ჩემპიონობისთვის იბრძოდა, „დილა“ კი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ცდილობდა), სრული თანაფარდობა დაფიქსირდა. ერთი შეხვედრა ბათუმში მოიგო „დინამომ“ ანგარიშით 1:0, ერთი შეხვედრა გორში „დილას“ ანალოგიური გამარჯვებით, 1:0 დასრულდა, ხოლო კიდევ ორ შეხვედრაში გოლი არ გასულა. დღევანდელ თამაშს გუნდები ლიდერების რანგში შეხვდნენ. განსაკუთრებით კომფორტულად თავს გიორგი ნემსაძს „დილა“ გრძნობდა, რომელიც 14 ქულით პირველ პოზიციაზე მყარად იყო გამაგრებული და მეორე ადგილზე მყოფ თავის მეტოქეს 4 ქულით უსწრებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ წაგების შემთხვევაშიც კი შიდაქართლური გუნდი ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებდა. აი მოგება კი, პანდემიის გამო შემუშავებული ახალი სატურნირო მოდელის გათვალისწინებით, უდიდეს ნაბიჯს გადადგამდა ჩემპიონობისკენ. თუმცა, გასულ სეზონში საფუძველჩაყრილი პარიტეტი ვერც დღევანდელმა თამაშმა დაარღვია. უფრო საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა პირველი ტაიმი, როცა გუნდები გაცილებით მეტს აქტიურობდნენ, რისკავდნენ და თითო გოლიც გაიტანეს. მე-18 წუთზე სტუმართა ფლანგურ შეტევას ნავალოვსკის გამჭოლი პასი მოჰყვა, ხუციშვილმა მოგიერიებისას ბურთი თანაგუნდელ ბალგუს მოარტყა და ავტოგოლი დაფიქსირდა. ტაიმის მიწურულს კი ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნის მცდელობისას სტუმართა დაცვის ხაზი შეცდა, ლეკვთაძე ბათუმელთა კიპერთან ერათი ერთზე აღნოჩნდა და ანგარიში ელეგანტური ბურთის თავზე გადაგდებით გაათანაბრა. შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდები უკვე სიფრთხილეს იჩენდნენ და გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობდნენ საკუთარი კარის უსაფრთხოებას, რაც ლოგიკურ ფრეში გადაიზარდა.
მე-7 ტური
ჩიხურა - მერანი 3:0
ტორპედო - საბურთალო 0:4
სამტრედია - დინამო (თბ) 0:4
ლოკომოტივი - თელავი 1:1
დილა - დინამო (ბთ) 1:1
1.დილა - 15 ქულა, 2.დინამო (თბ) – 12, 3. საბურთალო - 12, 4. დინამო (ბთ) – 11, 5. თელავი - 10, 6. ლოკომოტივი - 9, 7. სამტრედია - 8, 8. ჩიხურა - 5, 9. ტორპედო - 5, 10. მერანი - 3.