ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული სააგენტოები ავრცელებენ.

შვეიცარიული მედიის ცნობით, მყინვარ ბირჩს მნიშვნელოვანი ნაწილი მოწყდა და ყინულის და ქანების ნამსხვრევების და ტალახის მასისგან წარმოქმნილ ზვავში ხეობის ძირში არსებული სოფელ ბლატენის დიდი ნაწილი აღმოჩნდა ჩამარხული.

საბედნიეროდ, არასტაბილური გეოლოგიურ სიტუაციის ნიშნები ჯერ კიდევ 17 მაისს შეამჩნიეს და სოფელში მცხოვრები სამასი მოსახლე გააფრთხილეს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, 19 მაისიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს, რაც თითქმის მთლიანად დასრულდა 24 მაისისთვის. 20 მაისამდე მყინვარი დაახლოებით 17 მეტრით გადაადგილდა, 23-დან 24 მაისის ღამით კი მყინვარის მოძრაობა აჩქარდა და გადაადგილებამ დღის განმავლობაში 4-4,5 მეტრი შეადგინა. მთლიანობაში, არასტაბილური მასის მოცულობა, წინასწარი მონაცემებით, 6 მილიონ კუბურ მეტრამდე იყო.

27 მაისს Kleines Nesthorn-დან დიდი მოცულობით ჩამონაშალი ქანები Birchgletscher-ზე აღმოჩნდა, რამაც მყინვარის მოძრაობა 10 მეტრამდე დღეში ააჩქარა და 28 მაისს, ციცაბო ფერდობიდან უკვე დაახლოებით 9 მილიონი კუბური მეტრი მასის დაწოლის ქვეშ მყოფი მყინვარი დიდი სიჩქარით დაიძრა სოფლისკენ.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მყინვარის ჩამოშლის შემდეგ წარმოქმნილ ზვავს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულია სოფლის ერთი მცხოვრები. 

მედიის ცნობით, სოფლის სახლების ერთი ნაწილი ჩამონატანი მასის ზედაპირიდან 50 მეტრის სიღრმეშია ჩამარხული. ჩამოშლილმა მასამ ხეობაში არსებული მდინარე ლონცა შეაგუბა და ტბა წარმოქმნა. სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ აკეთებენ პროგნოზს, როგორ განვითარდება მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ წყალი ნაშალისგან წარმოქმნილ ჯებირს ერთბაშად გაარღვევს.