თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულ კაპიტანს, მთავარ მწვრთნელს, საქართველოსა და ამიერკავკასიის ნაკრებების ფეხბურთელს, ბორის პაიჭაძეს დღეს 102 წელი შეუსრულდებოდა.
ბორის პაიჭაძემ, „დინამოს“ მაისური 1936 წელს მოირგო პირველად, ოთხ წელიწადში კი კაპიტანიც გახდა და 10 წლის განმავლობაში გუნდს უძღვებოდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, ლეგენდარული ფეხბურთელი „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზეც მუშაობდა.
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ჩატარებულ 181 შეხვედრაში, 98 გოლი გაიტანა, საბჭოთა თასზე კი - 40 თამაშში, 25-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი.
1939 და 1940 წლების გათამაშების ვიცე ჩემპიონი. ოთხგზის პრიზიორი 1936, 1946, 1947 და 1950 წლებში. სამგზის სსრკ– ს თასის ფინალისტი 1936, 1937 და 1946 წლებში.
მის სახელს ატარებს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო სტადიონი, რომელიც „დინამოს“ საშინაო არენაა. 2015 წელს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ეროვნული ჩემპიოანტის საუკეთესო ბომბარდირისთვის, ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი დააწესა.
ლეგენდარული ფეხბურთელი, 1990 წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.