ბოგდან კვანტალიანმა მსოფლიო პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ბაქოში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი 17 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა შორის.

შეჯიბრების ბოლო დღეს ქართველმა მოჭიდავე ვაჟებმა როგორც იქნა გატეხეს ნავსი და მედალს დაეუფლნენ.

71 კგ წონის ფინალში ბოგდან კვანტალიანი ირანელ რეზა მეჰდი შამსიპურჰაჯივანდინთან 1:0 იგებდა, როცა მეტოქემ ორი ორქულიანის აღება შეძლო, დაწინაურდა და ხალიჩიდან გაქცევებით შედეგის შენარჩუნება სცადა. ქართველთა პირველი პროტესტი მსაჯებმა დააკმაყოფილეს და შეხვედრის დასრულებამდე 1 წამით ადრე ანგარიში გათანაბრდა, რის შემდეგაც ირანელმა კვლავ აარიდა თავი ორთაბრძოლას, მაგრამ მეორე პროტესტი მსაჯებმა აღარ დააკმაყოფილეს და ბოგდან კვანტალიანი ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს მოჭიდავეები მიერ ბაქოში მოპოვებული მხოლოდ მეორე მედალია სულ გათამაშებული 120 მედლიდან. პირველი მედალოსანი ბაქოში ნინო სამხარაძე გახდა. მან 69 კგ წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მე-6 ადგილზე გავიდა.