გუშინ, ქართულმა სპორტმა არაერთი გამარჯვება იზეიმა, როგორც საკუთარ მოედანზე, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
საერთო ჯამში, ჩვენს ანგარიშზეა მოგებული თამაში ესპანეთთან, 6 ოქროს მედალი ავსტრიაში და 4 ოქრო, 2 ვერცლი და 3 ბრინჯაო სოფიაში.
პირველი დიდი სიხარული ქართველ გულშემატკივრებს ბორჯღალოსნებმა მოუტანეს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის გაიმართა. ბორჯღალოსნებმა ესპანელები 31 ქულის სხვაობით, ანგარიშით 38:7 დაამარცხეს, 6 ლელო დადეს და პრემიალური ქულაც მოიპოვეს, რითაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს.
გუშინვე, ავსტრიის ქალას გიოტცში მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციის (UWW) ეგიდით გაიმართა ავსტრიის რიგით მე-6 ღია პირველობა ახალგაზრდებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც 14 ქვეყნის ნაკრებმა პირველი შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ცნობით, ტურნირი საქართველოს ნაკრების სრული ტრიუმფით დასრულდა, ზაზა სილაგაძის და მუხრან მაჭუტაძის ხემლძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა 8 წონითი კატეგორიიდან 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, ხოლო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გრძელდება პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, მეორე დღეს საქართველოს ნაკრებებმა კიდევ 9 მედალი მოიპოვეს, 4 ოქრო, 2 ვერცლი და 3 ბრინჯაო.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ცნობით, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ტურნირის ჩემპიონები გახდნენ, თეიმურაზ ვანიშვილი (57), გიორგი ბრეგაძე (65) და მეკი სიმონია (86). ვანიშვილმა და ბრეგაძემ ფინალში თანაგუნდელები ლევან მურცხვალაძე და ივერიკო ჯულაყიძე დაამარცხეს რომელთაც შესაბასმისად ვერცხლის მედლები ერგოთ, ბრინჯაოს კი გიორგი სულავა (65) და შმაგი თოდუა (65) დასჯერდნენ, აღსანიშნავია რომ 65 კგ-ში ოთხივე პრიზიორი საქართველოს წარმომადგენელი გახდა.
ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან ტურნირის გამაჯვებული ხვიჩა ჭითავა (59) გახდა, ამავე წონაში კი გიზო მელაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.