ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 20 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა შორის.

დღეს ხალიჩაზე 57-65-70-79-97 კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები გამოდიოდნენ.

97 კგ წონაში კონსტანტინე პეტრიაშვილმა საკვალიფიკაციო წრეში ბელარუსი ალექსეი ხადუნოვი 10:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში უკრაინელ როსტისლავ კურილიაკს 9:2 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსი შამილ ტამბიევთან 8:3 გაიმარჯვა და ხვალ ოქროს მედლისთვის ფრანგ ასხაბ დადაევს შეხვდება.

79 კგ წონაში ქობულაშვილი ასპარეზობას მეოთხედფინალიდან თურქ იასინ უზუნთან 4:9 მარცხის გამოეთიშა.

70 კგ წონით კატეგორიის ნახევარფინლში პირველი პერიოდის დასრულებამდე 28 წამით ადრე ზურაბ აბალაკი ფრანგ ბაისანგურ ბიტმურზაევთან 8:0 დაწინაურდა, ნაადრევად ირწმუნა გამარჯვება და დაისაჯა. ფრანგმა პირველივე პერიოდში აიღო 4 ქულა, მეორე პერიოდში სხვაობა ჯერ ორ ქულამდე შეამციდრა, შემდეგ ზედ საფინალო სასტვენის წინ კი ანგარიში გაათანაბრა და იმავდროულად, აბალაკი ხალიჩას ბეჭებით გააკრა.

ზურაბ აბალაკი ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟში გამარჯვებულს შეხვდება.

65 კგ წონაში თენგიზ ბარბაქაძე მერვედფინალში სომეხ ჰაირაპეტიანთან 8:11 დამარცხდა და ამ უკანასკნელის ფინალში გასვლის გამო ხვალ რეპეშაჟიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.

57 კგ წონაში გიორგი ცუპრიაშვილი ნახევარფინალში 0:11 დამარცხდა თურქ  ებუბექირ გურთან და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ მოჰამად ისმაილოვთან იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ სკოპიეში გუშინწინ დასრულებულ 20 წლამდე ასაკის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ერთი ვერცხლის (97კგ არმან მკრტჩიანი) და ერთი ბრინჯაოს (60კგ კახაბერ გოგინაშვილი) მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მე-6 ადგილზე გავიდა.

იქვე დღეს დასრულდა შეჯიბრება ჭიდაობაში 20 წლამდე ასაკის ქალთა შორის. სამი ქართველი მოჭიდავიდან გადამწყვეტ - მედლისთვის შეხვედრამდე - მისვლა ვერცერთმა ვერ შეძლო.